ოჯახის წევრის მკვლელობა

სააპელაციო სასამართლომ დის მკვლელობაში მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

The Guardian

პროკურატურის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საჩივარი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილება შეიტანა და დის მკვლელობაში მსჯავრდებულ პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. აღნიშნულის გამო 2024 წლის 16 მაისს ბრალდებულმა გარდაბანში დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "ე" (დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), "თ" (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით), "კ" (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) და "მ" (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურამ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებული 2001 წელსაა დაბადებული.

კომენტარები