რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებებში, მაკო გომურმა მიიღო მონაწილეობა.
მაკო გორმუმა 6 წლის წინ, 20 ივნისს, დარბევის დროს, თვალი დაკარგა,
როგორც გომურის ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე ამბობს მათ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობენ, რადგან სახელმწიფოს, ზედა პალატაში, იმის თქმის საფუძველი არ მისცენ, რომ თითქოს დაზარალებულებმა გამოძიებას ხელი შეუშალეს.
"დიდი ხანი გავიდა უკვე, რაც ეს სტრასბურგის გადაწყვეტილება არის და არაერთ მუხლზე დაადგინა იმ პირების მიმართ, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია იცავს. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე რამდენი დროც არის გასული მცირე შანსი არსებობს იმის, რომ რეალობა დაადგინონ და რამდენად სურვილი არსებობს ამის, ესეც გასარკვევია, თუმცა ჩვენ მაინც ვიღებთ ამ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იმისთვის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს თუნდაც ზედა პალატაში იმის თქმის საფუძველი, რომ დაზარალებულებმა არ მიიღეს მონაწილეობა გამოძიებაში და ამის გამო შეეშალა გამოძიებას ხელი" - ამბობს საიას იურისტი, ჯუბა ქათამაძე.
კომენტარი გააკეთა თავად მაკო გომურმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ გამოძიების იმედი არ აქვს, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს და მომხდარი სისტემის თითოული წევრის პასუხისმგებლობაა.
"სისტემური დანაშაული იყო და ამ სისტემაში ვინც იყო, თითოეული პირის პასუხისმგებლობაა ეს დღე. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, მგონია, რომ თანდათან ყველა ადამიანი თავის წილ პასუხს აგებს და დაიწყო უკვე, ადამიანს იბარებენ კომისიაზე და სთხოვენ იმ ფაქტზე პასუხისმგებლობის აღებას, რაც უშუალოდ მისი პასუხისმგებლობაც იყო. შესაბამისად, არავის ჰქონდეს იმის იმედი, რომ რაღაციდან ოდესმე დაიძვრენს თავს" - თქვა მაკო გომურმა.
11 ივლისს, რეჟიმმა პარლამენტთან, 2019 წლის 20-21 ივნისთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი, ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტები.
20 ივნისთან დაკავშირებით, წულუკიანის კომისიაზე გამოკითხეს პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია, რომელიც 2019 წელს შს მინისტრი იყო. გარდა ამისა, კომისიაზე 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ექსპრემიერის, მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი, გიორგი ჭოლაძეც დაიკითხა. ჭოლაძემ კომისიაზე თქვა, რომ გახარიამ მანამ, სანამ აქციაზე სპეცსაშუალებების გამოყენება მოხდებოდა, ბახტაძეს მედიასთან კომენტარზე გასვლამდე თავად შეუდგინა მესიჯი, რომ მთავრობა არანაირ სპეცსაშუალებას არ გამოიყენებდა.
ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.





