გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ბაჩიაშვილის ადვოკატი: ეტლით გადაადგილდება, მაგრამ დადებითი დინამიკა აქვს

დავით ჯანდიერი, ბაჩიაშვილის ადვოკატი
სქრინი ფორმულადან

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც დავით ჯანდიერი ამბობს, ბაჩიაშვილი, რომელსაც საპატიმროში სცემეს, კვლავ რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

"გიორგის მდგომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკა აქვს, თუმცა ეტლით გადაადგილდება, ვინაიდან კოორდინაციის პრობლემა აქვს. ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის. ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება." - უთხრა დავით ჯანდიერმა ინტერპრესნიუსს.

ადვოკატმა საუბრისას ასევე დასძინა, რომ ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ბაჩიაშვილის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იქნება რისკის ქვეშ, თუმცა რისკი განსაკუთრებით იყო გაზრდილი გლდანის ციხეში, სადაც ინციდენტი მოხდა.

“დღეს ჩვენ მივმართავთ პენიტენციურ სამსახურს და მოვითხოვთ ყველა სრულყოფილი კვლევა ჩაუტარდეს, რაც საჭირო იქნება, რათა მისი მდგომარეობა შეფასდეს, ასევე, თუ ექიმების რეკომენდაცია იქნება სხვა დამატებით სამედიცინო სერვისებზე, მისთვის მიწოდებული იყოს. ასევე, დღესვე მივმართავთ პენიტენციურ სამსახურს, რომ მას შემდეგ, რაც ის გამოჯანმრთელდება, დაბრუნდეს რუსთავის #12 საპატიმროში." - ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა რისკების მინიმალიზაციას ემსახურება.

დავით ჯანდიერმა ასევე თქვა, რომ დააყენებენ მოთხოვნას, “საკანში მარტო იმყოფებოდეს”.

“გასაგებია, რომ მარტო ყოფნა სხვა ტიპის პრობლემებს წარმოშობს პატიმრისთვის, თუმცა, რისკების და მომხდარის გათვალისწინებით სჯობს, მარტო იმყოფებოდეს მუდმივი ვიდეოკონტროლის დაკვირვების ქვეშ” - თქვა ადვოკატმა.

გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტი მალევე დაადასტურა კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით ამტკიცებს, რომ "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება". თავად ბაჩიაშვილი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების “უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას” უკავშირებს.

კომენტარები