გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

მოვითხოვთ ციხის დირექტორის გადადგომას, კადრების გასაჯაროებას – ელისაშვილი ბაჩიაშვილზე

კოალიცია ლელო - ძლიერი საქართველო გლდანის ციხეში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ცემას ეხმაურება. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოითხოვენ თანამდებობა დატოვოს გლდანის ციხის დირექტორმა, ასევე სრულად გასაჯაროვდეს ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები. 

"ჩვენ შევიტყვეთ, რომ ამ თავდასხმის, ძალადობისა და წამების ორგანიზატორი იყო გლდანის ციხის დირექტორი, ჯალათი ვინმე გოგიბერიშვილი და აქვე გავიხსენოთ, რომ ეს არ არის პირველი ინციდენტი - მაისში ერთი მსჯავრდებული შემოაკვდათ გლდანის ციხეში და ეს არის სისტემური ხასიათის დანაშაული, მკვლელობები, წამება, არაადამიანური მოპყრობა მსჯავრდებულების წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ. 

ჩვენ კატეგორიულად მოვითოხვთ, თანამდებობა დატოვოს ამ ჯალათმა გლდანის ციხის ხელმძღვანელმა, ასევე კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ციხის ადმინისტრაციამ და მოძალადე ხელისუფლებამ გაასაჯაროოს თავდასხმის კადრები თავიდან ბოლომდე. ჯერ 8 ივლისს, ბაჩიაშვილის დირექტორის კაბინეტში აყვანის, მასზე ზეწოლის, შემდეგ უკვე მისი ცემის და წამების ვიდეოჩანაწერები და არ დაიწყონ ბოდიალი, რომ ვითომ უცბად იმ საკანშიც და მთელ ციხეშიც კამერები გაითიშა, რასაც აკეთებდა და ამბობდა ხოლმე წინა ხელისუფლება, ამით აღარავინ არ მოტყუვდება". - განაცხადა ელისაშვილმა.

ასევე, მან საერთაშორისო პარტნიორებს და ელჩებს მოუწოდა, უყურადრებოდ არ დატოვონ გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შემთხვევა.

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფორნდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის შესაც ინფორმაცია თავდაპირველად 14 ივლისს, TV პირველმა გაავრცელა.

ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ბაჩიაშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს

14 ივლისს განცხადება გაავრცელა გიორგი ბაჩიაშვილმაც, რომელშიც დეტალურად აღწერს მასზე თავდასხმას, ბაჩიაშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას უკავშირებს.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც, რომელშიც წერს, რომ 11 ივლისს "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება". პენიტენციურის ცნობით, ორივე მსჯავრდებული მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.

კომენტარები