ტრამპის ტარიფები

ტრამპი ბრაზილიისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრაზილიაში წარმოებულ საქონელზე 50%-იანი გადასახადის დაწესებას გეგმავს.

მან ეს გეგმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით გაასაჯაროვა. წერილში ტრამპი ბრაზილიას აშშ-ს ტექნოლოგიურ კომპანიებზე "თავდასხმებში" და ყოფილი მემარჯვენე პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს. ბოლსონაროს წინააღმდეგ ამჟამად 2022 წლის არჩევნების შედეგების გასაუქმებლად დაგეგმილ შეთქმულებაში მისი სავარაუდო როლზე სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პასუხში, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ბრაზილიის წინააღმდეგ ტარიფების გაზრდის შემთხვევაში ბრაზილია აშშ-ს შესაბამის პასუხს გასცემს და მან ასევე ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში ნებისმიერი ჩარევის მცდელობა დაგმო.

წერილში ტრამპი დადებითად იხსენებს ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ბოლსონაროს და ამბობს, რომ მას "ღრმად სცემდა პატივს". ის ასევე აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი "საერთაშორისო მასშტაბის სირცხვილია".

BBC აღნიშნავს, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აშშ-მ შარშან ბრაზილიასთან სავაჭრო ბრუნვა დადებითი ჰქონდა - მან ამ ქვეყანაში უფრო მეტი საქონელის გაყიდა, ვიდრე იყიდა.

წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ 50%-იანი ტარიფი "მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილი მძიმე უსამართლობების გამოსასწორებლადაა აუცილებელი". მან განაცხადა, რომ აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს დაავალებს, ე.წ. ბრაზილიის ციფრული ვაჭრობის პრაქტიკებთან დაკავშირებით "301 გამოძიება" დაიწყოს.

BBC წერს, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენდა უფრო ფორმალურ სამართლებრივ მექანიზმზე გადასვლას, რომელიც აშშ-ს წარსულში ტარიფების დაწესებისთვის გამოუყენებია. ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში მსგავსი ნაბიჯი გადადგა, როცა ბრაზილიაში ტექნოლოგიურ კომპანიებზე დამატებითი გადასახადის დაწესების შესაძლებლობა განიხილებოდა.

ტრამპი წერილში ბრაზილიის მთავრობას ასევე "თავისუფალი არჩევნებისა და ამერიკელების ფუნდამენტური სიტყვის თავისუფლების უფლებების მზაკვრულ დევნაში" ადანაშაულებს, მათ შორის აშშ-ს სოციალური მედიაპლატფორმების ცენზურაში.

აშშ-ს პრეზიდენტის კომპანია Trump Media, რომელიც მართავს მის Truth Social პლატფორმას, იმ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორისაა, რომლებიც ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებიან - მათ შორის სოციალურ ქსელებში ანგარიშების დაბლოკვის ბრძანებებს.

ბრაზილიამ ასევე დროებით აკრძალა ილონ მასკის კომპანია X, მას შემდეგ, რაც პლატფორმამ უარი თქვა ანგარიშების დაბლოკვაზე, რომლებიც ბრაზილიის მოსაზრებით 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

გასულ თვეში, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სოციალური მედიის კომპანიები შესაძლოა პასუხისმგებლად სცნონ იმ კონტენტზე, რომელიც მათ პლატფორმებზე იდება.

კომენტარები