ოპონენტების ნარკო-შემოწმება

სამადაშვილი ნარკო-შემოწმებებზე: ვერ აგვაღებინებს ხელს რუსულ რეჟიმთან ბრძოლაზე

მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გრძელდება ამ ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნა და როგორც ჩანს განსაკუთრებული სამიზნე არის ლელო - ძლიერი საქართველო, იმიტომ რომ დღეს ერთდროულად სინქრონიზებულად ჩვენი პარტიის სამი წევრი დაკავებული იქნა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, გაუგებარი მიზეზებით. მე მინდა აღვნიშნო, რომ ვერანაირი მსგავსი ქმედება ვერ აგვაღებინებს ხელს იმ პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომელიც გამოცხადებული გვაქვს რუსული რეჟიმისთვის.

[...] ხელისუფლება, რომელიც ჩიხშია შესული, რომელიც არის მოქცეული სრულ იზოლაციაში და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად იზრდება საერთაშორისო წნეხი ამ ხელისუფლებაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, რომელიც უკვე შეჭმულია შიდა კლანური გარჩევებით და მათ შორის ვხედავთ, რომ უკვე მკვლელობის მცდელობაზე არიან გადასული ერთმანეთის წინააღმდეგ, როგორც ჩანს ფიქრობს, რომ დღეს დაშინებით, ძალადობით და დევნით შეაჩერებს ჩვენს პოლიტიკურ აქტივობას. 

ჩვენ ვთქვით, როდესაც დააკავეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომ ვერაფერი ვერ შეგვაშინებს, ვერაფერი ვერ აგვაღებინებს ხელს ამ ბრძოლაზე და დღესაც იგივე გზავნილი მაქვს, როგორც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის, ასევე ყველა ჩვენი თანაპარტიელისა და ყველა მოქალაქისთვის, რომელიც აგრძელებს ბრძოლას თავისუფალი ქვეყნისთვის - ქვეყნისთვის, რომელიც იქნება ევროპული სახელმწიფო, სადაც ვეღარავინ გათელავს ფეხქვეშ ჩვენს უფლებებს, რომ ეს ბრძოლა არ შეჩერდება არცერთი წუთით და ყოველ ჯერზე, როდესაც გამალებული ძალით ხელისუფლება შეეცდება ჩვენს შევიწროვებას და დაშინებას, ჩვენ ამას ვუპასუხებთ მხოლოდ ჩვენი ბრძოლის გაძლიერებით და მხოლოდ ერთიანი ფრონტის შეტევით. ჩვენ დავასრულებთ ამ ქვეყანაში რუსული ხელისუფლების თარეშს და იმ უსამართლობას, რომელიც შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს.

განაცხადა ლელო-ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები