ოპონენტების ნარკო-შემოწმება

პოლიციამ აქტივისტებისა და ოპონენტების ნარკო-შემოწმება დაიწყო

პატრული

პოლიციამ აქტივისტებისა და ოპონენტების ნარკო-შემოწმება დაიწყო.

უკანასკნელი ერთი საათის განმავლობაში ნარკო-შემოწმებაზე გადაიყვანეს აქტივისტი ბექა პაპაშვილი და პარტია ლელოს სამი წევრი - ოთარ ფარულავა, ლევან ჯორბენაძე და ბექა ბერიძიშვილი.

"ჩვენს 3 თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში.

ოთო ფარულავა - გენერალური მდივნის მოადგილე

ლევან ჯორბენაძე - კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი

ბექა ბერიძიშვილი - ახალგაზრდულის ლიდერი

ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა ადგილას, სახლებთან, დიდ დიღომში, საბურთალოზე და ჩუღურეთში. ვცდილობთ ვიპოვოთ და გავიდეთ კავშირზე. ბექა ჯერ სახლთან ყავთ გაჩერებული, ადვოკატები და თანაგუნდელები გზაში არიან." - დაწერა სოციალურ ქსელში ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

როგორც ლევან ჯორბენაძის ადვოკატი აცხადებს, ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად მიმართავენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.

"როგორც დაკავებულები აცხადებენ, როდესაც ისინი მივიდნენ საცხოვრებელ სახლში ასე ვთქვათ სპეცოპერაცია შეგვიძლია დავარქვათ, დახვდნენ 5-6-მდე პოლიციის წარმომადგენლები და მათი ასეთი საუბარი იყო მისალმება, პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ იმყოფებით ნარკოლოგიური თრობის ქვეშ, ანუ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, რაიმე სხვა ახსნა-განმარტებას არ აწვდიან და ამის საფუძველზე ადამიანები გადმოჰყავთ ნარკოლოგიურში და თქვენ ხედავთ, რომ სულ ნახევარი საათია, რაც აქ ვარ და ფაქტობრივად ეზო გაივსო. ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები არის ის, რომ ის ადამიანები არიან გადმოყვანილები, რომლებიც ძალიან მასიურად იღებენ მონაწილეობას აქციაში, არიან პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული და უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს და ჩართულები არიან აქციის მონაწილეობაში, აი ეს არის ყველაზე ყურადმისაღები და შეიძლება ითქვას, რომ ესეც შეიძლება იყოს რაიმე დამაშინებელი ხელისუფლების მხრიდან.

ჩვენ უარს ვაცხადებთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არ ვექცევით, უარს არ ვაცხადებთ საბოლოო ჯამში და ჩვენ თვითონვე მივმართავს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რომელიც არის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურო და ჩვენ იქ ჩავაბარებთ შარდის მასალას." - ამბობს ადვოკატი.


კანონმდებლობით პოლიციას აქვს უფლება, მოითხოვოს პირის ნარკოშემოწმებაზე გადაყვანა. წესები შემდეგნაირად არის განსაზღვრული:

"1. თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია ვარაუდისთვის რომ თქვენ მოიხმარეთ ნარკოტიკული საშუალება, პოლიციელს უფლება აქვს გადაგიყვანოთ შემოწმებაზე.

2. ამ დროს პოლიციელი გთავაზობთ გადაყვანას შსს-ს ექსპერტიზაზე.

3. თქვენ უფლება გაქვთ თქვათ უარი გადაყვანაზე, მაგრამ ასეთ დროს გამოიწერება მიმართვა, რომლის გამოწერიდან 4 საათის განმავლობაში თქვენი ნებით უნდა ჩაიტაროთ შემოწმების ტესტი ან შსს-ს ექსპერტიზაზე ან სამხარაულში.

4. თუ 4 საათის მანძილზე ჩაიტარებთ ამ ტესტს, მაშინ პოლიცია პირდაპირ ამ ორგანოდან გამოითხოვს ტესტის პასუხს.

5. თუ 4 საათის მანძილზე არ ჩაიტარებთ ტესტს ჩაითვლება რომ თქვენ შემოწმებას თავი აარიდეთ და ეს იწვევს ან ჯარიმას 500 ლარიდან 2000 ლარამდე ან 60 დღემდე პატიმრობას.

6. თუ ჩატარებული ტექსტის მიხედვით დაგიდგინდათ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება უფლება გაქვთ 10 კალენდარული დღის ვადაში ჩატარებული კვლევისას დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო (ალტერნატიული) ექსპერტიზა.

7. თუ დაგიდგინდათ რომ მოიხმარეთ ნარკოტიკული საშუალება თქვენ დაგეკისრებათ ჯარიმა 500 ლარიდან 2000 ლარამდე ან 60 დღემდე პატიმრობას." - წერს იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი.

კომენტარები