"რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევაა. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს, იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დეტალი ამ შემთხვევისა გაირკვევა" - ასე პასუხობს ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი თორნიკე რიჟვაძეზე დასმულ შეკითხვას.
დღეს, 7 ივლისს, შსს-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღის არის დაჭრილი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს. თქვენს ვერსიებზე შეგიძლიათ თქვენ იფიქროთ. არის მძიმე შემთხვევა, საჭიროა სწრაფად გამოჯანმრთელდეს. შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიება დაადგენს. სხვა დეტალი მე არაფერი არ ვიცი" - თქვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტებმა პაპუაშვილს ჰკითხეს, აპირებდნენ თუ არა თორნიკე რიჟვაძის დაკავებას, რაზეც ივანიშვილის წარმომადგენელმა თქვა, რომ "არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ვერსიები".
"ოპოზიცია რას იტყვის ახლა. ოპოზიციის ნათქვამზე ხომ არ არის. მოხდა მძიმე შემთხვევა, შსს იძიებს საკითხს, გამოძიება შეეცდება დაადგინოს ყველა დეტალი". - თქვა პაპუაშვილმა.
სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა წერილი, რომელიც მათი მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.
სამთავრობო პროპაგანდის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, რადგან მას "კორუფციას და ბარიგების მფარველობას" აბრალდებდნენ.
საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც, საგარეჯოში, შემთხვევა მოხდა.
ექიმის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციაშია მოთავსებული.





