აზერბაიჯანი-რუსეთი

რუსეთთან დაძაბულობის ფონზე ბაქოში რუსეთის მოქალაქეების დაკავების კადრები ვრცელდება (VIDEO)

trend.az

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან გაზრდილი დაძაბულობის ფონზე ბაქოში ორი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან

დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ ირანიდან ნარკოტიკების გადაზიდვა, ონლაინ ნარკოტრეფიკინგი და ინტერნეტ თაღლითობა.

ამის შესახებ ცნობები აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება

სამინისტროს მიხედვით, ამჟამად დაჯგუფებების უკანონო აქტივობების გამოსაკვლევად და შესაძლო თანამზრახველების გამოსავლენად გამოძიება მიმდინარეობს. 


28 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა, რომელსაც 27 ივნისის რეიდების დროს ორი აზერბაიჯანელის "ბრუტალური მკვლელობის" გამო მთავრობის პროტესტი გამოუთქვეს. სამინისტროს განცხადებით, რეიდების შედეგად, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

29 ივნისს, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსული კულტურული ღონისძიებები გააუქმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებული პოლიციის რეიდების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების სავარაუდო მკვლელობამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.

30 ივნისს ბაქოში მდებარე რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში, სხვადასხვა ბრალდებით, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მანამდე, აზერბაიჯანში Sputnik-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს ნაწილია, საქმიანობა ოფიციალურად შეუჩერეს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისი მუშაობას აგრძელებდა და თანამშრომლები კვლავ დადიოდნენ.

კომენტარები