კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აზერბაიჯანში Sputnik-ის თანამშრომლების დაკავებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ასეთი ზომები არ შეესაბამება არც ზოგადად მიღებულ ნორმებს და არც რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ხასიათს.
"რა თქმა უნდა, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასეთი ზომები გატარება აბსოლუტურად არ შეესაბამება ზოგადად მიღებულ წესებსა და ნორმებს. და, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სულისკვეთებასა და ხასიათს". - თქვა პესკოვმა.
გუშინ, ბაქოში მდებარე რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. რეიდის ფარგლებში სამართალდამცველებმა Sputnik-ის ადგილობრივი რედაქციის ხელმძღვანელი, იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი, ევგენი ბელოუსოვი დააკავეს. დღეს კი ასევე დააკავეს რუსული ვიდეოსააგენტო Ruptly-ს თანამშრომელი, აიტეკინ გუსეინოვა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, Sputnik-ის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, სხვადასხვა ბრალდებით, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მანამდე, ადგილობრივ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც Sputnik-ის აზერბაიჯანის ოფისში მუშაობდნენ.
თებერვალში Sputnik-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს ნაწილია, საქმიანობა ოფიციალურად შეუჩერეს, თუმცა, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოფისი მუშაობას აგრძელებდა და თანამშრომლები კვლავ დადიოდნენ.
29 ივნისს, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსული კულტურული ღონისძიებები გააუქმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებული პოლიციის რეიდების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების სავარაუდო მკვლელობამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.
28 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა, რომელსაც 27 ივნისის რეიდების დროს ორი აზერბაიჯანელის "ბრუტალური მკვლელობის" გამო მთავრობის პროტესტი გამოუთქვეს. სამინისტროს განცხადებით, რეიდების შედეგად, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.





