უნგრეთი

აკრძალვის მიუხედავად ბუდაპეშტში პრაიდის მასობრივი ღონისძიება ჩატარდა

EPA/ZOLTAN BALOGH HUNGARY OUT

ბუდაპეშტში აკრძალვისა და პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, პრაიდის მასობრივი ღონისძიება გაიმართა.

ორგანიზატორების მიხედვით, მარში ქვეყნის ისტორიაში უმსხვილესი იყო და მასში მონაწილეობა დაახლოებით 200 000-მა ადამიანმა მიიღო.

მარშამდე ორბანი შესაძლო მონაწილეებს ჯარიმებით ემუქრებოდა. მანვე მიუთითა, რომ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება სავარაუდოდ არ იქნებოდა.

"რა თქმა უნდა, პოლიციამ ასეთი ღონისძიება შესაძლოა დაშალოს, რადგან ამის უფლება აქვთ, მაგრამ უნგრეთი ცივილიზებული ქვეყანაა, სამოქალაქო საზოგადოებაა. ერთმანეთს არ ვაზიანებთ. სამართლებრივი შედეგები მოჰყვება, მაგრამ ამან ფიზიკური დაზიანების დონეს არ უნდა მიაღწიოს". - თქვა ორბანმა.

უნგრეთში მიმდინარე წლის მარტში პრაიდის ღონისძიების ჩატარება აკრძალეს და მიიღეს კანონი, რომელიც ხელისუფლებას სახის ამომცნობი პროგრამის გამოყენებით მონაწილეთა ვინაობის დადგენის უფლებას აძლევს.

მონაწილეებს ჯარიმები, ხოლო ორგანიზატორებს 1 წლის ვადამდე პატიმრობა ემუქრებათ.

უნგრეთის მმართველი პარტიის Fidesz-ის და მათი პარტნიორი ქრისტიან-დემოკრატიული კოალიციის მხარდაჭერილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი 136-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 27 კი წინააღმდეგ წავიდა.

კანონის ფარგლებში აკრძალულ ღონისძიებაზე დასწრება 200 000 უნგრული ფორინტით ($546) ისჯება. ჯარიმის თანხა კი "ბავშვთა დაცვის" მიზნებს მოხმარდება. სავარაუდოდ, ხელისუფლება მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის სახის ამომცნობ ტექნოლოგიას გამოიყენებს.

კომენტარები