კოალიცია ცვლილებისთვის ნიკა მელიასთვის და გივი თარგამაძისთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.
"არასრული 1 თვის განმავლობაში, რუსულმა რეჟიმმა ნიკა მელია წინასწარი პატიმრობით, 2-ჯერ დააპატიმრა. დღეს კი სასამართლომ მას განაჩენი გამოუტანა. ასევე, ამ არასრული 1 თვის განმავლობაში მოხდა ნიკა მელიას კრიმინალური გატაცებაც, რაზეც ამ დრომდე, არც მელიას და არც მის ადვოკატებს ფორმალური დოკუმენტაციაც კი არ ჩააბარეს. უფრო მეტიც, მელიას დაკავებაზე პასუხისმგებელი პირები შსს-ში დააწინაურეს.
ასევე, დღეს გივი თარგამაძე დააკავეს. ამით, რეჟიმმა ვლადიმირ პუტინს დიდი ხნის ოცნება და სურვილი აუსრულა. სოლიდარობა გივი თარგამაძეს". - თქვა კოალიციის წევრმა, გიორგი კირთაძემ.
ასევე, კირთაძის თქმით, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გაგრძელდება.
"ივანიშვილისა და მისი რეჟიმის მთავარი მოკავშირე ახლა არის იმედისა და რწმენის გატეხვა იმ ხალხში, ვინც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის [...] ამის პასუხი უნდა იყოს მეტი რწმენისა და მოტივაციის გაჩენა იმ ადამიანებში, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით. ამის ნათელ მაგალითს ძალიან აქტიურად გვაძლევენ ნიკა მელია, გივი თარგამაძე, ნიკა გვარამია და სხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უკვე ციხეში არიან. ასევე, ამის მაგალითს გვაძლევს 50-ზე მეტი სინდისის პატიმარი, რომლებიც ამდენი თვეა, ივანიშვილს საპყრობილეში ჰყავს და ვერ გატეხეს.
არათუ გავტყდებით, არამედ კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გავაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ და გამარჯვება ბოლოს მაინც აუცილებლად ჩვენ, ჩვენს ქვეყანას დარჩება". - ამბობს კირთაძე.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.
გალუსტაშვილმა განაჩენს ასევე დაუმატა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით, 2019 წლის საქმეზე, სადაც მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.
ასევე, ამავე საქმეზე, დღეს ნინო გალუსტაშვილმა 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა გივი თარგამაძესაც.





