93 წლის ასაკში არგენტინელი კომპოზიტორი და პიანისტი ლალო შიფრინი გარდაიცვალა.
ლალო შიფრინი ებრაულ ოჯახში, ბუენოს-აირესში 1932 წელს დაიბადა. მომავალი კომპოზიტორი 6 წლიდან სწავლობდა მუსიკას, მოგვიანებით დაინტერესდა ჯაზით. 20 წლის ასაკში ჩააბარა პარიზის კონსერვატორიაში, სტუდენტობის პარალელურად ღამის ბარებში უკრავდა პიანინოზე.
არგენტინაში დაბრუნების შემდეგ, ჩამოაყალიბა ჯაზის ორკესტრი, რომელიც ადგილობრივ მსმენელში პოპულარობით სარგებლობდა.
1955 წელს დაუკრა ასტორ პიაცოლასთან ერთად პარიზის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალზე.
1960-იან წლებში შიფრინი ნიუ-იორკში გადასახლდა, ხოლო 1963 წელს ჰოლივუდისთვის პირველი საუნდტრეკი დაწერა.
შიფრინის ყველაზე პოპულარული კომპოზიცია და სავიზიტო ბარათი გახდა 1966 წელს გამოსული სერიალის, Mission Impossible-ის მთავარი მუსიკალური თემა.
კარიერის განმავლობაში შიფრინმა 100-ზე მეტი ფილმისთვისა და სერიალისთვის შექმნა მუსიკა. მიღებული აქვს 4 გრემის ჯილდო, 6 ოსკარის ნომინაცია. 2018 წელს კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის კომპოზიტორს საპატიო ოსკარი გადაეცა.
მისი მუსიკა ჟღერს ფილმებსა და სერიალებში: Mission Impossible, Bullitt, Cool Hand Luke, Rush Hour 1-2-3, Dirty Harry.





