აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) 19 ივნისს ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე დააკავა, რადგან მისი კრიმინალური წარსულის შესწავლის შემდეგ, იგი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ ჩათვალეს.
გავრცელებულ პოსტში, რომელსაც თან ახლავს დაკავებულის სურათები, დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე აშშ-ში 2023 წელს ჩავიდა, თუმცა ამერიკაში ჩასვლამდე მას უკვე ჰქონდა კრიმინალური ისტორია.
პოსტის მიხედვით, იგი წარსულში კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი იყო და 25-წლიანი სასჯელისთვის ციხეში 9 წელი აქვს გატარებული. ამასთან, მას წარსულში ბრალი ჰქონდა წაყენებული თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის.
დეპარტამენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს აღიარებული აქვს რუსულ КГБ-სთან თანამშრომლობა.
ხოლო აშშ-ში ჩასვლის შემდეგ იგი ორჯერ დააკავეს 2024 წლის თებერვალში - ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და ერთხელაც მოპარული ნივთების ფლობისთვის.





