აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკა

მინესოტაში მომხდარ სროლაში მონაწილე სასაზღვრო პატრულის ორი აგენტი შვებულებაში გაიყვანეს

მინესოტაში ალექს პრეტის მკვლელობაში მონაწილე საბაჟო და სასაზღვრო პატრულის ორი თანამშრომელი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაიყვანეს. ინფორმაცია აშშ-ს იმიგრაციის და საბაჟო აღსრულების ფედერალურმა სააგენტომ (ICE) დაადასტურა.

სააგენტოს თქმით, შვებულება "სტანდარტული პროტოკოლით" არის გათვალისწინებული, თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, ეს ორი აგენტის სტატუსის ცვლილებაა, რომელთა ვინაობაც უცნობია.

ამასთან, აშშ-ს სასაზღვრო პატრულის უფროსის, გრეგ ბოვინოს თქმით, აღნიშნული აგენტები მუშაობას სხვა ქალაქებში აგრძელებენ.

"ყველა აგენტი, რომელიც მომხდარში იყო ჩართული, არა მინეაპოლისში, არამედ სხვა ადგილებში აგრძელებენ მუშაობას, რაც მათი უსაფრთხოებისთვის არის გათვალისწინებული". - თქვა ბოვინომ.

როგორც Politico აღნიშნავს, თავდაპირველი განცხადების გავრცელების შემდეგ, სააგენტოს სპიკერმა რიგით მეორე განცხადებაში აღნიშნა, რომ აგენტები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაყვანილები შაბათიდან არიან, რაც ბოვინოს გავრცელებულ ცნობას ეწინააღმდეგება.

27 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს სასაზღვრო პატრულის უფროსი, გრეგორი ბოვინო და რამდენიმე იმიგრაციის აგენტი ქალაქ მინეაპოლისს დატოვებენ, მას შემდეგ, რაც გასულ შაბათს ფედერალური ოფიცრების მხრიდან სროლის შედეგად აშშ-ს მეორე მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები