დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ხამენეი: აშშ ომში სიონისტური რეჟიმის გადასარჩენად ჩაერთო, თუმცა, ვერაფერს მიაღწია

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი
Photo: ATTA KENARE/AFP

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, აშშ ომში "სიონისტური რეჟიმის გადასარჩენად ჩაერთო, თუმცა, ვერაფერს მიაღწია". ამის შესახებ ხამენეი X-ზე წერს.

"გილოცავთ მცდარი სიონისტური რეჟიმის დამარცხებას. ამ არეულობისა და ყველა ამ განცხადების ფონზე, სიონისტური რეჟიმი პრაქტიკულად განადგურდა და დაემხო ისლამური რესპუბლიკის დარტყმებით.

გილოცავთ ჩვენი ძვირფასი ირანის გამარჯვებას აშშ-ს რეჟიმზე. აშშ-ს რეჟიმი ომში ჩაერთო ზუსტად იმის გამო, რომ იგრძნო – სიონისტური რეჟიმი სხვა შემთხვევაში სრულად განადგურდებოდა. ის ომში რეჟიმის გადარჩენის მცდელობით ჩაერთო, თუმცა, ვერაფერს მიაღწია.

ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა. [ირანი] თავს დაესხა და ზიანი მიაყენა ალ-უდეიდის ავიაბაზას, რომელიც რეგიონში აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი ბაზაა.

ის ფაქტი, რომ ისლამურ რესპუბლიკას აქვს წვდომა რეგიონში აშშ-ს საკვანძო ცენტრებზე და შეუძლია გადადგას ნაბიჯები, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ქმედებები შესაძლოა მომავალში გამეორდეს. ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში, მტერი აუცილებლად გადაიხდის მძიმე ფასს". - წერს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.


ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი კონფლიქტი ოფიციალურად 24 ივნისს დასრულდა. კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, თანამოქალაქეებს მიმართა და თქვა,რომ ირანმა "ისტორიულ გამარჯვება მოიპოვა" კონფლიქტში, რომელიც ისრაელმა წამოიწყო. 

ხოლო ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში 12-დღიანი კონფლიქტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამა "წყალს გაატანა" და პროგრამის ხელახლა დაწყების ნებისმიერ მცდელობას ისრაელი მსგავსი შეუპოვრობით და ძალით უპასუხებს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავდაპირველი ცნობა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა. მოგვიანებით კი ისრაელმა დაადასტურა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე აშშ-ს წინადადებას დათანხმდა.

ამის შემდეგ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა, როდესაც ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

ამავე დღეს, ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელი ირანს თავს არ დაესხმება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაშია.

ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე, სამხედრო სამიზნეებზე, გენერლებსა და ბირთვული პროგრამის მეცნიერებზე მოულოდნელი იერიში 13 ივნისს წამოიწყო.

22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია.

ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირანის ბირთვულ ობიექტებს "შუაღამის ურომ" დაარტყა – რა ვიცით ამ დროისთვის

კომენტარები