აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წერს, რომ "ისრაელი ირანს თავს არ დაესხმება", და ისრაელის თვითმფრინავები უკან გამობრუნდება, ხოლო პილოტები ირანს "თვითმფრინავებით მეგობრულად მიესალმებიან".
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"ისრაელი ირანს თავს არ დაესხმება, ყველა თვითმფრინავი შემობრუნდება და სახლში დაბრუნდება და [პილოტები] ირანს თვითმფრინავებით მეგობრულად მიესალმებიან. არავინ დაშავდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია! მადლობა თქვენი ყურადღებისთვის!" - წერს ტრამპი.
ცოტა ხნით ადრე, გამოცემა Jerusalem Post ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის შემდეგ ისრაელი ირანზე იერიშის ფარგლებში მხოლოდ ერთ სამიზნეს დაარტყამს.
ცნობისთვის, ტრამპი ირანსა და ისრაელს შორის დღეს დილით გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დარღვევის შემდეგ ისრაელს მოუწოდებდა, რომ ბომბებით იერიში არ მიეტანა და ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ტრამპმა ჰააგაში NATO-ს სამიტზე გამგზავრებამდე მწვავედ გააკრიტიკა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლამდე ირანზე მიტანილი იერიშებისთვის და ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ საჰაერო იერიშების მომზადებისთვის მას შემდეგ, რაც მან მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
"ორი ქვეყანა გვყავს, რომლებიც იმდენი ხანია იბრძვიან, რომ არც იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ". - განუცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს ირან-ისრაელის კონფლიქტზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დილას დაირღვა, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა კი IDF-ს უბრძანა, რომ "ძალით უპასუხოს ირანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, თეირანის გულში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური იერიშების მიტანით".





