პროკურორი მარი მეშველიანი პარტია ლელო-ს ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თუ ხაზარაძის მხრიდან "კონკრეტულად სხვა სხდომაზე გამოუცხადებლობას ექნება ადგილი, გამოძიება დაიწყება"
“მოცემულ შემთხვევაში, თუ დადგინდება კონკრეტული პირის მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.
არსებობს დანაშაულთა ჩადენის ეპიზოდები - ამ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ კონკრეტულად სხვა სხდომაზე აქვს მისი მხრიდან ადგილი გამოუცხადებლობას და ეს არ გამომდინარეობს ობიექტური მიზეზით, დაიწყება გამოძიება, ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და თუ დადგინდება კონკრეტული პირისგან დანაშაულის ჩადენა, მიეცემა შეფასება.
განსხვავდება დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი და ა.შ. არსებობს დანაშაულის ჩადენის ეპიზოდები - ის, რომ პირმა ერთი ეპიზოდი ჩაიდიანა, არ ნიშნავს, რომ თავისუფლად შეუძლია, მომავალში კიდევ ჩაიდინოს აღნიშნული დანაშაული.
ამ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება, თუ გამოგვეგზავნება საქმე, დაიწყება გამოძიება და თუ დადგინდება დანაშაულის ჩადენა, მივცემთ სამართლებრივ შეფასებას.
ჩვენ ვაფასებთ უშუალოდ ბრალდებულის ქმედებას და არა იმას, ვინაა ეს ბრალდებული - მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას, შესაბამისად, მიეცა მის ქმედებას სამართლებრივი შეფასება.
განვიხილავთ დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას - მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ განმარტა და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას” - თქვა პროკურორმა მარი მეშველიანმა.
მეშველიანმა ასევე შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზარაძის მიმართ 8 თვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ.
“მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდნენ ბრალდებულისთვის მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას.
სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები და მივიდა გადაწყვეტილებამდე, რის თანახმადაც ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სასჯელი სასამართლოს გადასაწყვეტია და სასამართლომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩათვალა, რომ 8 თვე თავისუფლების აღკვეთა უნდა გამოეყენებინა.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ გირაოს გადახდა-არგადახდის საკითხი, არამედ ყველა სხვა გარემოება, რაც თითოეულ ბრალდებულთან დაკავშირებით ინდივიდუალურად არსებობს”. - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ივანიშვილის რეჟიმმა ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.





