უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე რუსლან კრავჩენკო წარადგინა. ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სტეფანჩუკის თქმით, უკრაინის უმაღლესი რადა კრავჩენკოს კანდიდატურას უახლოეს პლენარულ სესიაზე განიხილავს.
უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტი 2024 წლის ოქტომბრიდან ვაკანტურია, მას შემდეგ, რაც რადამ ანდრეი კოსტინს გადადგომის მოთხოვნა დაუკმაყოფილა. კოსტინის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ გენერალური პროკურორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, ოლექსი ხომენკო ასრულებდა.
35 წლის რუსლან კრავჩენკო გასული წლის ბოლოდან უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მანამდე კი კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.





