დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

არაღჩი: თუ ისრაელის აგრესია შეჩერდება, ბუნებრივია, ჩვენი პასუხებიც შეწყდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი გასული დღეების განმავლობაში ირანი მხოლოდ თავს იცავდა და ირანის საპასუხო იერიშები "ისრაელის აგრესიის შეჩერების" შემთხვევაში შეწყდებოდა.

"ჩვენ თავს ვიცავთ. ჩვენი თავდაცვა სრულიად ლეგიტიმურია. ეს თავდაცვა არის ჩვენი პასუხი [ისრაელის] აგრესიაზე. თუ აგრესია შეჩერდება, ბუნებრივია, ჩვენი პასუხებიც შეწყდება." - თქვა არაღჩიმ

მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელი 13 ივნისს ირანზე თავდასხმას აშშ-ს თანხმობისა და მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებდა.

"ისრაელის თავდასხმა არასდროს მოხდებოდა აშშ-ს მწვანე შუქისა და მხარდაჭერის გარეშე. აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა დაგმოს ისრაელის იერიშები ირანის ბირთვულ ობიექტებზე, თუ სურთ რომ თავიანთი კეთილი ნება დაადასტურონ" - განაცხადა.

15 ივნისს, ისრაელში ირანის იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი


13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.

შემდგომ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ხელახლა გაუშვა, ხოლო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ირანის დედაქალაქში, თეირანში ისრაელის იერიშების მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო გააქტიურებული და აფეთქებების ხმა ისმოდა.

კომენტარები