კრიპტოვალუტის განვითარების შესახებ საქართველოში აზრს გვიზიარებს კრიპტოექსპერტი და ფინტექ კომპანია AllTrust.me-ს დამფუძნებელი გიორგი ავეტისოვი
საქართველო აგრძელებს თავისი ადგილის დამკვიდრებას გლობალურ კრიპტოვალუტის არენაზე. ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანამ გადადგა რამდენიმე გადამწყვეტი ნაბიჯი ეკონომიკის ციფრულიზაციის, ინვესტიციების მოზიდვისა და ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამასთანავე, მოვლენები მხოლოდ ტექნოლოგიურ ჭრილში არ ვითარდება — კრიპტოვალუტა მოულოდნელად აღმოჩნდა ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალების ეპიცენტრში.
კიდევ ერთი ნაბიჯი ციფრული მომავლისკენ
ბოლო თვეების ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ციფრული ლარის — სახელმწიფო ციფრული ვალუტის (CBDC) — განვითარების გაგრძელება. ციფრული ლარის დანერგვა განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ფინანსური სისტემის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად. პროექტის განხორციელებისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარტნიორად აირჩია კომპანია Ripple (ეს არის ბლოკჩეინ გადახდების გლობალური ლიდერი).
Ripple-თან თანამშრომლობა ხაზს უსვამს ქვეყნის სურვილს, არა მხოლოდ მიჰყვეს გლობალურ ტენდენციებს, არამედ აქტიურად ჩამოაყალიბოს ისინი. Ripple-ის ტექნოლოგია უკვე გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო და საზღვარგარეთული გადარიცხვებისთვის. საქართველო იმედოვნებს, რომ მისი ციფრული ლარი გახდება არა მხოლოდ ინოვაციური ინსტრუმენტი შიდა გამოყენებისთვის, არამედ რეგიონალური ფინანსური ეკოსისტემის ნაწილი.
განათლება, როგორც ციფრული ეკონომიკის საფუძველი
თუმცა, მხოლოდ ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის — აუცილებელია, რომ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ესმოდეთ, როგორ მუშაობს ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები. ამასთან დაკავშირებით, 2025 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სკოლებში უნდა ისწავლებოდეს კრიპტოვალუტა, Web3 და ბლოკჩეინის ტექნოლოგია.
ეს ნაბიჯი ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანა ცდილობს მოამზადოს ახალი თაობის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ ციფრული ეკონომიკის შექმნასა და მართვას. თუ ინიციატივა სრულად განხორციელდება, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მსგავსი ცოდნა სისტემურად და სახელმწიფო დონეზე ისწავლება.
გონივრული რეგულირება, როგორც ინვესტიციების მოზიდვის ფაქტორი
ტექნოლოგიური ინიციატივების ფონზე, საქართველო რჩება მიმზიდველ იურისდიქციად რეგულირების თვალსაზრისითაც. ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა კრიპტოვალუტების მიმართ ჯერ კიდევ შედარებით რბილია. მაგალითად, ფიზიკური პირები გათავისუფლებულნი არიან კრიპტოაქტივებიდან მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო ციფრული ვალუტების ფიატზე გაცვლა არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ).
ასეთი რეჟიმი ქვეყანას საინტერესოს ხდის საერთაშორისო კრიპტოვალუტური კომპანიებისთვის. მაგალითად, 2024 წელს კრიპტობირჟა Bybit-მა ოფიციალურად მიიღო ვირტუალური აქტივების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი საქართველოში. ეს არა მხოლოდ ადასტურებს საერთაშორისო მოთამაშეების მაღალი ნდობის დონეს, არამედ მიუთითებს საქართველოს რეგულატორების მზადყოფნაზე, იმუშაონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
თუმცა, აუცილებელია, ვისაუბროთ შეზღუდვებზეც: მაგალითად, მაინინგის ლეგალური საქმიანობისთვის აუცილებელია ბიზნესის ოფიციალურად რეგისტრაცია და ელექტროენერგიის კომერციული ტარიფით გადახდა. ამის წყალობით, სახელმწიფო ეფექტურად აკონტროლებს და არეგულირებს ენერგიის მოხმარების მოცულობას, რაც კრიპტოვალუტის აქტიური საქმიანობის მქონე ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
როგორ იკვეთება პოლიტიკა და კრიპტო
თუმცა, ყველაფერი ასე გლუვად და ტექნოკრატიულად არ არის საქართველოს კრიპტოსამყაროში. 2025 წლის მაისში მოხდა ხმაურიანი სკანდალი, რომელმაც არა მხოლოდ ციფრული აქტივების სამყარო, არამედ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიც მოიცვა. გიორგი ბაჩიაშვილი, მილიარდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაშემწე, დააკავეს მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან გაიქცა. მას ბრალად ედება 800 მილიონ დოლარზე მეტი კრიპტოვალუტის მითვისება ივანიშვილის საინვესტიციო ფონდიდან.
ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო მისი დაკავება დაკავშირებულია პრო-უკრაინულ პოზიციასთან და საქართველოს ელიტის პრორუსული კურსის კრიტიკასთან. პოლიტიკური ნიუანსების მიუხედავად, თავად ფაქტი, რომ კრიპტოვალუტა გამოყენებული იყო მსგავსი მასშტაბის სქემაში, საზოგადოებაში შეშფოთებას იწვევს: კვლავ დადგა კითხვა — რამდენად გამჭვირვალე და დაცულია ინვესტიციები ციფრულ აქტივებში?
საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე გამოხატა შეშფოთება ამ საქმეში უფლებების შესაძლო დარღვევებისა და პოლიტიკური ზეწოლის გამო, ხოლო თავად პროცესი გახდა მაჩვენებელი იმისა, რამდენად შეუძლია საქართველოს სამართლებრივ სისტემას ადაპტირება ციფრული ეპოქის რეალიებთან.
მომავალი, სავსე პოტენციალით
თანამედროვე საქართველო — ეს არის კონტრასტების სივრცე, სადაც ამბიციური ციფრული რეფორმები თანაარსებობს პოლიტიკურ სკანდალებთან, ხოლო ბლოკჩეინის სფეროში ახალგაზრდების განათლება — მცდელობებთან, დამალონ მილიონები კრიპტოვალუტაში.
მაგრამ ყველა სირთულის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას — ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის ქვეყნის იმიჯს, რომელიც ღიაა ინოვაციებისთვის, ინვესტიციებისთვის და თამამი გადაწყვეტილებებისთვის. თავისუფლებასა და რეგულირებას შორის ბალანსის წარმატებული დაცვით, ქვეყანა უახლოეს წლებში შეიძლება გადაიქცეს კრიპტობიზნესისთვის უსაფრთხო სივრციდან ციფრული ეკონომიკის განვითარების წამყვან პლატფორმად.





