ირანის ბირთვული პროგრამა

ტრამპი: ნაკლებად დარწმუნებული ვარ ირანთან შეთანხმების მიღწევაში

Alex Wong/Getty Images/AFP & ირანის უზენაესი ლიდერი via AP

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, იგი უფრო და უფრო ნაკლებ დარწმუნებულია, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამის შესახებ ტრამპმა ორშაბათს ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც დღეს, 11 ივნისს, გამოქვეყნდა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ის ირანი ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე დაითანხმოს, ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: 

"არ ვიცი, ასე მეგონა, მაგრამ ახლა უფრო და უფრო ნაკლებად მჯერა ამის. ისინი, როგორც ჩანს, აჭიანურებენ ამას და ჩემი აზრით, ეს სამწუხაროა. ნაკლებად დარწმუნებული ვარ ამაში, ვიდრე რამდენიმე თვის წინ ვიყავი, რაღაც დაემართათ მათ, მაგრამ ბევრად ნაკლებად დარწმუნებული ვარ [ირანთან] შეთანხმების მიღწევაში." - თქვა ტრამპმა.  

"თუ ისინი შეთანხმებას არ დადებენ, მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ, თუ დადებენ შეთანხმებას, ბირთვული იარაღი მაშინაც არ ექნებათ. [...] უკეთესი იქნება, თუ ეს ომის, ხალხის დახოცვის გარეშე მოხდება. ასე ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ მგონია, რომ იგივე დონის ენთუზიაზმს ვერ ვხედავ მათი მხრიდან შეთანხმების დადებაში და ვფიქრობ, რომ შეცდომას დაუშვებენ, მაგრამ ვნახოთ, ამას დრო აჩვენებს". - დაამატა მან. 

9 ივნისს რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ირანის საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ ირანთან მოლაპარაკებები "რთული" იყო. 

ივნისის დასაწყისში ტრამპმა თქვა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ამერიკა მოითხოვს, რომ ირანმა სრულად განაიარაღოს ურანის გამდიდრების პროგრამა. 

"ჩვენი პოტენციური შეთანხმების ფარგლებში - ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ ურანის გამდიდრებას!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. 

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 მაისს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ წარდგენილი წინადადება ირანს ნებას რთავდა, დაბალ დონეზე გამდიდრების შესაძლებლობები შეენარჩუნებინა სამოქალაქო მიზნებისთვის, თუკი ირანი დათანხმდებოდა მიწისქვეშა ურანის გადამამუშავებელი ობიექტების დროებით დახურვაზე. 

ხოლო ირანის რეჟიმის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, თავის მხრივ თქვა, რომ შშ-ს წინადადება ბირთვული შეთანხმების შესახებ ირანის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ირანი ურანის გამდიდრებაზე უარს არ იტყვის. 

"დამოუკიდებლობა აშშ-სა და ამერიკისნაირების მხრიდან მწვანე შუქისთვის არ დალოდებას ნიშნავს". - თქვა ხამენეიმ და დაამატა, რომ ამერიკული მხარის წინადადება "100%-ით ეწინააღმდეგება" 1979 წლის ისლამური რევოლუციის იდეალებს. 

კომენტარები