უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მიერ ზაკარპატიას ოლქში მოქმედი უნგრული ჯაშუშური ქსელის გამოვლენის გასაჯაროების მიზანი იმის დემონსტრირება იყო, რომ კიევმა იცის მათი ქმედებების შესახებ.
ზელენსკის თქმით, უნგრეთმა უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა არაერთხელ და სხვადასხვა გზით სცადა, თუმცა, ამ საქმეების უმეტესობა მშვიდად წყდებოდა.
კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქსელის გამოვლენის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ, კიევსა და ბუდაპეშტს შორის არსებული დაძაბულობის დეესკალაცია, ზელენსკიმ უპასუხა, რომ "პრობლემები არ არსებობს, თუ ერთმანეთს პატივს ვცემთ".
"ბუდაპეშტმა უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა არაერთხელ და სხვადასხვა გზით სცადა. ომის დაწყებამდე, ზაკარპატიის ოლქში ჩვენ შევაჩერეთ პასპორტების უკანონო გაცემა. შემთხვევების უმეტესობა მშვიდად, ჩვენ შორის წყდებოდება.
ამ შემთხვევაში რატომ გადავწყვიტეთ გასაჯაროება? ჩვენ გვაქვს დამატებითი ფოტოები და ვიდეოჩანაწერები იმ სხვადასხვა შეხვედრების, რომლებსაც უნგრეთის სამხედრო ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (KNBSZ) უნგრეთის ტერიტორიაზე მართავდა, რომლებსაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ, თუ ეს საჭირო გახდა. არ მსურს ვინმეს დავემუქრო, თუმცა, ჩვენ ეს ყველაფერი ხელში გვაქვს, მათ შორის, თუ როგორ უხდიდა KNBSZ-ს საკუთარ აგენტებს. ყველაფერი დოკუმენტირებული გვაქვს". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გამოვლენილი ჯაშუშების ქსელი 2021 წლიდან ფუნქციონირებდა, ინფორმაციის ბოლო გადაცემა კი 2025 წლის 25 მარტს მოხდა.
"რა რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე, როდესაც ომში ვართ? არ ვამბობ, რომ ბუდაპეშტს რაიმე სურს, მაგრამ თუ არ სურს, მაშინ ვისთვის აგროვებს ინფორმაციას? NATO-ს წარმომადგენლებს ვკითხე სთხოვეს თუ არა უნგრელებს ასეთი მონაცემების შეგროვება. მათ მიპასუხეს, რომ არა. მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ომშია – თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილზე?". - თქვა ზელენსკიმ.
9 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) გაავრცელა ცნობა, რომ გამოავლინეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდა.
"უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ისტორიაში პირველად გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს საზიანოდ ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდა." - ნათქვამია განცხადებაში.
СБУ-ს განცხადების მიხედვით, ამ ქსელის მიზანი იყო შეეგროვებინათ ინფორმაცია ზაკარპატიის ოლქის სამხედრო დაცულობის შესახებ, მოეძებნათ რეგიონში სახმელეთო და საჰაერო დაუცველი წერტილები და შეესწავლათ ადგილობრივი მოსახლეობის საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეხედულებები, კერძოდ, როგორ მოიქცეოდნენ ისინი, თუ რეგიონში უნგრელი სამხედროები შევიდოდნენ.





