ოკუპირებული აფხაზეთი

რუსეთის ФСБ-მ ოკუპირებულ აფხაზეთში პირი უკრაინისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობის ფარგლებში დააკავა სოხუმის აეროპორტის საინჟინრო სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც ბრალად უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობას სდებენ.

დაკავებული პირი 1980 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქეა. ФСБ-ში ირწმუნებიან, რომ მას კავშირი ჰქონდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან (ГУР) და ამ უწყებას სოხუმის აეროპორტზე ინფორმაციას აწვდიდა.

ФСБ-ს მტკიცებით, დაკავებული გეგმავდა უკრაინელებისთვის აეროპორტისა და მის ტერიტორიაზე მდებარე დახურული სადგომის სქემის გადაცემას. დახურული სადგომი "საერთაშორისო", ანუ ძირითადად რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტების დროს გამოიყენება. ირწმუნებიან, რომ ობიექტის გეგმის შესწავლით შესაძლებელი გახდებოდა ასაფეთქებელი დანადგარის დამონტაჟება. 

"2025 წლის მარტში ადგილობრივ ტელეგრამზე დამიკავშირდა უცნობი. ამიხსნა, რომ მიპოვა ომის საწინააღმდეგო, ანტირუსულ ინტერნეტ ჯგუფებში და შემომთავაზა ერთად გვებრძოლა რეჟიმთან. მე დავთანხმდი. ჩემი ინიციატივით შევთავაზე აფეთქების მოწყობა ქალაქი სოხუმის აეროპორტის სადგომზე." - ამბობს დაკავებული ФСБ-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

მაისში, 32 წლის შემდეგ, პირველად რუსეთსა და სოხუმს შორის ფრენები განახლდა. სანქცირებული რუსული ავიაკომპანიები პირდაპირ რეისებს ასრულებენ. იგეგმება მიმართულებების გაფართოება.

კომენტარები