დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

Politico: ტრამპისა და მასკის წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მილიარდერი მრჩეველი ილონ მასკი
Chris Unger/Zuffa LLC

გამოცემა Politico თეთრი სახლის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მილიარდერი ბიზნესმენის, ილონ მასკის, წარმომადგენლებს შორის სატელეფონო ზარის შემდეგ, ტრამპსა და მასკს შორის "მერყევი ზავი" დამყარდა.

"მან [ტრამპმა] დაპოსტვა შეწყვიტა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კმაყოფილია," ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. 

ტრამპსა და მასკს შორის ერთ დროს მჭიდრო თანამშრომლობა ბოლო დღეებში მწვავე განხეთქილებაში გადაიზარდა, რის ფარგლებშიც მასკი აშშ-ს პრეზიდენტს X-ის მეშვეობით დაუპირისპირდა. 

"დიდი, ლამაზი" განხეთქილება დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის

სიტყვიერი შეკამათების დროს მასკმა ტრამპს დააბრალა, რომ მისი სახელი ეპსტინის ფაილებში ფიგურირებს და ამ დროისთვის უკვე წაშლილ პოსტში იგი იმასაც ამტკიცებდა, რომ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებული ფაილების გასაჯაროება სწორედ ამ მიზეზის გამო არ მომხდარა.

ამასთანავე, მასკი ერთ-ერთ პოსტში ტრამპის იმპიჩმენტის იდეასაც მიემხრო, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტი, თავის მხრივ, მასკის კომპანიებთან ფედერალური კონტრაქტების გაუქმებით დაიმუქრა, თუმცა, მაღალჩინოსნების მიხედვით, ამ პოზიციებს ისინი გულწრფელად არ იზიარებდნენ. 

"ურთიერთობის მომავალი სრულად გაურკვეველია," დაამატა ერთმა მაღალჩინოსანმა. 

7 ივნისს NBC News-თან სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკთან ურთიერთობების აღდგენა არ სურს.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მასკი იმ დემოკრატ კანდიდატებს დააფინანსებს, რომლებიც სადავო საკანონმდებლო პაკეტს ეწინააღმდეგებიან, ამას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება.

სატელეფონო ინტერვიუში ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება იგულისხმებოდეს შედეგებში, თუმცა აღნიშნა, რომ მასკის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ მასკთან ურთიერთობა დასრულდა, ტრამპმა უპასუხა, რომ, სავარაუდოდ, კი.

კომენტარები