რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კელოგი: "აბლაბუდამ" ბრძოლის ველის ხასიათი შეცვალა, შეუძლია, მშვიდობის მიღწევას ბიძგი მისცეს

უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი სოციალურ ქსელში უკრაინის სპეცოპერაცია "აბლაბუდას" გამოეხმაურა. 

აშშ-ს არმიის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტის თქმით, სპეცოპერაციამ "ბრძოლის ველის ხასიათი შეცვალა" და პოტენციურად, მშვიდობის მიღწევისთვის, "ბიძგის ფუნქციის" შესრულებაც შეუძლია. 

"ჩემს სამხედრო გამოცდილებაში, ისევე როგორც ისტორიულად, გამბედავ ლიდერობასა და გაბედულ ქმედებას ბრძოლის ველის ხასიათის შეცვლა შეუძლია, როგორც ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, სამხედრო დაზვერვამ და რუსტემ უმეროვმა გასული კვირის ბოლოს გვაჩვენეს.

ამ მოვლენას შეუძლია, ბიძგის ფუნქცია შეასრულოს მშვიდობისთვის, თუმცა ორივე მხარე პრეზიდენტ ტრამპის მისიის ერთგული უნდა დარჩეს – შეწყდეს კვლა და დასრულდეს ომი". - დაწერა კელოგმა X-ზე და Axios-ის სტატია გააზიარა სპეცოპერაციაზე ტრამპის კომენტარის შესახებ. 

Axios-ის მიერ 5 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უკრაინის 1-ელი ივნისის დრონების სპეცოპერაცია "ძლიერი" და "მაგარი" იყო. თუმცა, ტრამპი ასევე შეშფოთებულია, რომ ეს თავდასხმა კიდევ უფრო გაართულებს მის ძალისხმევას, რომელიც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებისკენაა მიმართული.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

სპეცოპერაცია "აბლაბუდის" ფარგლებში, რომელიც წელიწადნახევარი იგეგმებოდა, СБУ-ს განცხადებით, ჯამში 41 სტრატეგიული ბომბდამშენი დაზიანდა ან განადგურდა, მათ შორის, როგორც იშვიათი და უკიდურესად ძვირადღირებული A-50-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები, ისე Ty-22M3 და Ty-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები. 

СБУ-ს ცნობითვე, სპეცოპერაციის შედეგად, რუსეთს $7 მილიარდის ღირებულების ზარალი მიადგა.

ყველაფერი, რაც უკრაინის სპეცოპერაცია "აბლაბუდის" შესახებ ვიცით

კომენტარები