დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

Politico: ტრამპსა და მასკს შორის სატელეფონო ზარი იგეგმება, თეთრ სახლში "ზავისკენ" მიანიშნებენ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ილონ მასკი
AFP

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ილონ მასკს შორის "ზავის" შესაძლებლობა იზრდება მას შემდეგ, რაც 5 ივნისს მასკსა და ტრამპს შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით, მწვავე დაპირისპირება მოხდა. 

სოციალურ ქსელებში ღია დაპირისპირების შემდეგ, Politico-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც გამოცემა წერს, სცადა, თავი მომხდართან დაკავშირებით "უდარდელად" წარმოეჩინა. 

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის მრჩევლებმა აშშ-ს პრეზიდენტი დაარწმუნეს, რომ ესკალაციის თავიდან ასარიდებლად მასკის საჯაროდ გაკრიტიკება შეეწყვიტა, რის შემდეგაც მათ "ზავის მისაღწევად" 5 ივნისისთვის მასკსა და ტრამპს შორის სატელეფონო ზარი დაგეგმეს. 

"ეს არაფერია," განუცხადა ტრამპმა Politico-ს ყოფილ მოკავშირესთან მომხდარი საჯარო დაპირისპირების შესახებ. "კარგად მიდის, უკეთ არასდროს ვყოფილვარ," დაამატა მან.

თავის მხრივ, ტრამპის წინააღმდეგ გამოქვეყნებული მწვავე პოსტების შემდეგ, რომლებშიც მასკმა ტრამპი "ეპსტინის ფაილებთან" კავშირის ქონაში დაადანაშაულა და მისი იმპიჩმენტისადმი მხარდაჭერაც გამოხატა, მილიარდერმა თავშეკავებისკენ მიანიშნა და დაეთანხმა რამდენიმე მომხმარებელს, რომლებიც მხარეებს "შერიგებისკენ" მოუწოდებდნენ. 

"მე მხარს ვუჭერ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს და მათ ზავი უნდა დადონ ჩვენი დიდებული ქვეყნის სასარგებლოდ," დაწერა მილიარდერმა ბილ აკმანმა X-ზე, რაზეც მასკმა უპასუხა: "არ ცდები".

კომენტარები