სირია

აშშ სირიას ნებას რთავს, ჯარში ასადის წინააღდეგ მებრძოლი უცხოელი ჯიჰადისტები გააწევრიანოს

თურქესტანის ისლამური პარტიის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელშიც დაჯგუფების წევრები ჩანან, სირია, იდლიბი, 2024 წლის 28 სექტემბერი.  
Turkistan Islamic Party in Syria/muhsinlar.net

აშშ სირიის ახალ მთავრობას ნებას რთავს, რომ შეიარაღებული ძალების რიგებში გააწევრიანონ უცხოელი ჯიჰადისტები, რომლებიც ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) შემადგენლობაში იბრძოდნენ.

ნებართვის წინაპირობა არის ის, რომ პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს. ამის შესახებ Reuters-თან აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა.

Reuters-ი წერს, რომ სირიის თავდაცვის სამი მაღალჩინოსნის თქმით, იგეგმება 3 500-მდე უცხოელი მებრძოლის ახალ, სირიის არმიის 84-ე დივიზიაში გაწევრიანება. დაივიზიაში შევლენ სირიელებიც. უცხოელ მებრძოლთა უმრავლესობა ეთნიკური უიღურები არიან ჩინეთიდანან და მეზობელი ქვეყნებიდან.

Reuters-მა თომას ბარაკს, აშშ-ს ელჩს თურქეთში და ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სირიაში, ჰკითხა, არსებობდა თუ არა ვაშინგტონის მხრიდან დასტური, რომ სირიის არმიაში უცხოელი მებრძოლები გაწევრიანებულიყვნენ.

"ვიტყოდი, რომ გაგება არსებობს, გამჭვირვალობის გათვალისწინებით". - უპასუხა მედიასააგენტოს შეკითხვას ბარაკმა.

ბარაკის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ამ მებრძოლებს სირიის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად დატოვებენ, ნაცვლად იმისა, რომ რიგებში არ დაუშვან. ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ეს მებრძოლები სირიის ახალი ადმინისტრაციისადმი "ძალიან ერთგულები" არიან.

მას შემდეგ, რაც HTS-მა, ალ-კაიდას ყოფილმა შტომ, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო, ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩებოდა დასავლეთის მიდგომა დაჯგუფების უცხოელი წევრებისადმი. გასულ თვეებში აშშ სირიის ახალ ხელისუფლებისგან ითხოვდა, რომ საკუთარ რიგებში უცხოელი ჯიჰადისტები არ შეეშვა. თუმცა ვაშინგტონის პოლიტიკა სირიისადმი ტრამპის ახლო აღმოსავლეთის ტურნეს შემდეგ შეიცვალა. აშშ-ს პრეზიდენტმა გამოთქვა თანხმობა, რომ სირიას მოეხსნას ასადის დროს დაწესებული სანქციები. ის რიადში შეხვდა ახალ დროებით პრეზიდენტსაც, აჰმედ ალ-შარაას. 

13-წლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში აჯანყებულებს ათასობით სუნიტი შეუერთდა. მებრძოლთა ნაწილმა საკუთარი ფრაქციები შექმნეს, ზოგი კი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში (ISIS) წევრიანდებოდა. HTS-ის უცხოელი მებრძოლები გამოცდილი და დისციპლინირებული საბრძოლო ძალაა, ისინი დაჯგუფების ელიტური, ე.წ. თვითმკვლელი რაზმების მთავარ საყრდენს წარმოადგენდნენ და ერთგულების სტატუსიც ჰქონდათ მოპოვებული. 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც HTS-მა ალ-კაიდასთან კავშირი გაწყვიტა, ებრძოდნენ ISIS-სა და ალ-კაიდას სხვა განშტოებებსაც.

უიღური მებრძოლები ჩინეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული თურქესტანის ისლამური პარტიის წევრები არიან. როგორც Reuters-ი წერს, სირიელი მაღალჩინოსნებისა და უცხოელი დიპლომატების თქმით, ჩინეთი ცდილობდა, რომ ამ ჯგუფის გავლენა სირიაში შეზღუდული ყოფილიყო.

თურქესტანის ისლამური პარტიის წარმომადგენელმა, ოსმან ბუღრამ Reuters-ს უთხრა, რომ დაჯგუფება ოფიციალურად დაიშალა და სირიის არმიაში გაერთიანდა.

"ამჟამად, ჯგუფი მოქმედებს მთლიანად თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში, ერული რჩება ეროვნული პოლიტიკის და არ ინარჩუნებს არანაირ კავშირს სხვა წარმომადგენლებისა თუ ჯგუფებისადმი." - თქვა ბუღრამ.

სირიის ახალი ლიდერმა, აჰმედ ალ შარაამ აქამდე თქვა, რომ უცხოელი მებრძოლები და მათი ოჯახის წევრები სირიის მოქალაქეობას მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ასადის რეჟიმი დაემხო, თურქესტანის ისლამური პარტია ჩინეთს დაემუქრა.

"ახლა აქ, სირიაში, ყველა ქალაქში ვიბრძვით ალაჰისთვის და მომავალში გავაგრძელებთ ამას ჩვენს ურუმჩიში, აქსუსა და ქაშგარში. ჩვენ განვდევნით ჩინელ ურჯულოებს. ჩვენ ვიბრძოლეთ ჰომსში, იდლიბში და გავაგრძელებთ ბრძოლას აღმოსავლეთ თურქესტანში. ალაჰმა აქ გამარჯვება გვარგუნა. დაე, მან მოგვიტანოს გამარჯვება ჩვენს მიწაზეც." – ამბობდა ერთ-ერთი შეიარაღებული პირი ვიდეომიმართვაში, რომელიც დაჯგუფებამ გაავრცელა.

ურუმჩი, აქსუ და ქაშგარი ჩინეთში, სინძიანის რეგიონში მდებარე ქალაქებია. აღმოსავლეთ თურქესტანი კი არის სახელი, რომელსაც უიღურები ამ ტერიტორიას ეძახიან. სინძიანი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე უიღურული ავტონომიური რაიონია. უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვრცელდება ცნობები ამ რეგიონში ეთნიკურად უიღურების უფლებების სასტიკი დარღვევების შესახებ. ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს. 

კომენტარები