საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ცნობით, შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, შვედეთის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) ქართულ ოცნებას ყველანაირ დახმარებას შეუჩერებს.
"მინდა, გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად. პრემიერი გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა არის დღეს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა კუთხით. წუხს იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად სამოქალაქო სივრცე არის ძალიან შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება და ეს არ შეესაბამება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ.
პასუხად, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა შვედეთის სააგენტოს (SIDA), ერთ-ერთი მთავარი დონორის, მხრიდან ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ. მთავრობას, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, რომ დარჩეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების და მისი ევროპული გზის მხარდამჭერი. დარჩეს, როგორც დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ კუთხით აკვირდებიან დღევანდელ კანონმდებლობას, რათა იცოდნენ, როგორ გააგრძელონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაა". - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.





