მზია ამაღლობელის საქმე

სილის გაწვნისას დგებუაძის რეაქცია თავდაცვაა და არა ტკივილის გამომხატველი გრიმასა - მოწმე

მზია ამაღლობელი

დღეს, 30 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა - სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმინა. შემდეგი პროცესი 9 ივნისსაა ჩანიშნული.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ნინო სახელაშვილი 2022 წლიდან სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა, ამავე ვებგვერდზე მისი ბიოგრაფიის ნიხედვით, არ იძებნება არცერთი ეპიზოდი, როცა სახელაშვილი სისხლის სამართლის მოსამართლე იყო, თუმცა იგი ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს.

ამაღლობელის მხარდასაჭერად სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვიც იმყოფებოდა. 

"ტკივილის სუბიექტური ბუნება კლინიკურ პრაქტიკასა და სასამართლო ექსპერტიზაში ითვალისწინებს შემდეგ ობიექტურ ნიშნებს, ეს არის: მიმიკური რეაქცია, მოტორული რეაქცია, ხმოვანი რეაქცია და ქსოვილოვანი დაზიანება. ეს არის მნიშვნელოვანი, თუ ვსაუბრობთ სუბიექტურ ტკივილზე" - თქვა მოწმის სახით გამოკითხულმა ქირურგ-ინპლანტოლოგმა თათია ანდღულაძემ.

ანდღულაძემ ექპერტიზაზე დაყრდნობით გამორიცხა ქსოვილოვანი დაზიანების ფაქტორი, ხოლო ვიდეომტკიცებულებებზე დაყრდნობით კი აღნიშნა, რომ დგებუაძე სილის გაწვნისას არ გამოხატავს ტკივილის განცდის რეაქციას (არც მიმიკურს, არც მოტორულს) და ის მხოლოდ თავდაცვით პოზიციაში დგება. "ერთმნიშვნელოვნად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში, ტკივილი არ აღქმულა" - თქვა მან.

მისივე თქმით, ტკივილის დროს ფიზიოლოგიური რეფლექსია დამახასიათებელი და როცა ეს არ არსებობს, პაციენტების შემთხვევაში საქმე გვაქვს სიმულაციასთან.

"სილის გაწვნის დროს რა ფიზიოლოგიური რეაქციები არსებობს? ეს არის მიმიკა და მოტორული რეაქცია ერთდროულად. ანუ თუ მე სახის არეში დამარტყამენ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ყოფილიყო იმ წუთას გამომხატველი [ტკივილის] ეს არის, ტკივილის გამომხატველი გრიმასი, ანუ პაციენტს ხელი უნდა წაეღო მტკივნეულ ადგილას... ამ ვიდეოში რას ვხედავთ, მზიას ამ სილის გაწვნის შემდეგ, ბატონ ირაკლის მხოლოდ და მხოლოდ აღენიშნება ერთი რეაქცია - ეს არის თავდაცვა, თუ ხედავთ კადრში, უკან იხევა... ამ ვიდეოების მიხედვით პაციენტს არ აღენიშნება ფიზიოლოგიური რეფლექსები" - თქვა ანდღულაძემ.

დაცვის მხარის მეორე მოწმედ ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი გამოიკითხა, საქმეში წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებების ნაწილი სწორედ მისი გადაღებულია. 

ცნობისთვის, 16 მაისს პროცესზე გამოიკითხა სამედიცინო ექსპერტი, გივი ჩხარტიშვილი, რომელმაც ირაკლი დგებუაძესა და მზია ამაღლობელს ექსპერტიზა ჩაუტარა. ჩხარტიშვილი ბრალდების მხარის მოწმეა.

გივი ჩხარტიშვილის განცხადებით, ირაკლი დგებუაძეს არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი.

8 მაისის სხდომაზე ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძე გამოიკითხა, რომლისთვის სილის გაწვნის გამო, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები