ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

კალაძე: საელჩოების განცხადებები ჩვენთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნისკენაა მიმართული

კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების მიერ თავისი მოქალაქეების გასაფრთხილებლად გავრცელებული განცხადებები "ჩვეულებრივი მავნებლობაა" და მიმართულია საქართველოსთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნისკენ.

კალაძემ ასევე თქვა, რომ ნებისმიერ უცხოელს შეუძლია საქართველოში შემოვიდეს, თუ ის "ბოროტი ზრახვებით არ არის გამსჭვალული".

"ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა, სხვას ვერაფერს დავარქმევ და მიმართულია იმისკენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შექმნან ქვეყანაში. ტურისტული მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია.

წლიდან წლამდე ყოველთვის იზრდება ტურისტების რაოდენობა და ამ ტიპის განცხადებები, რომლებიც ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ ამ სექტორის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა ძალიან კარგი სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეფარდებაა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა არშემოშვებასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეების არშეშვებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას ვიღაცის შემოშვება-არშემოშვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვხელმძღვანელობთ ქვეყნის ინტერესებით.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ უცხოელს, შეუძლია საქართველოში შემოვიდეს და გაატაროს გარკვეული დრო ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, თუ ის ბოროტი ზრახვებით არ არის გამსჭვალული". - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 29 მაისს საფრანგეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საფრანგეთის მოქალაქეებს მოუწოდებდა საქართველოში მოგზაურობამდე შეისწავლონ ის ფაქტორები, რომლებიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკის ქვეშ აყენებს, "მათ შორის საქართველოში გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ ქსელებში აქტივობა".

მანამდე, თავისი მოქალაქეებს გასაფრთხილებლად იმავე შინაარსის განცხადება პოლონეთის საელჩომაც გაავრცელა.

კომენტარები