აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა სტივ დეინსმა ივანიშვილის პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან, შეხვედრის შესახებ X-ზე განცხადება გაავრცელა:
"სენატორი დეინსი დღეს მიესალმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განხილულიყო აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება.
სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მან მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინ წაწევის მიზნით." - წერია განცხადებაში.
მანამდე, ოცნების პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კობახიძე სენატორ სტივ დეინსს შეხვდა და "კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის".
ოცნების პრესსამსახურის განცხადების მიხედვით, კობახიძემ სენატორთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ "ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია".
ცნობისთვის, 30 მაისს, აშშ-ს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი საქართველოში იმყოფება.
განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სენატორი შეხვედრებს გამართავდა ივანიშვილის მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებთან. საელჩოს ინფორმაციით, სენატორი პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარ პრიორიტეტებს გააჟღერებდა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "წინააღმდეგობის პლატფორმის" წევრ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სენატორს პლატფორმის სახელით შეხვდა და ესაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, კანონდარღვევებსა და სტრატეგიულ გამოწვევებზე.
"ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობას, დღეს მე შევხვდი პლატფორმის სახელით სენატორ სტივ დეინსს, ამერიკელ, რესპუბლიკელ სენატორს, რომელიც კავკასიაშია ჩამოსული. იყო ბაქოში, თბილისში, მიდიოდა ერევანში. ჩვენ შეგვხვდა, ოპოზიციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოისმინა შიდა საკითხები, კანონთა დარღვევის მთელი რიგი, რაც ჩვენ წარვუდგინეთ, არამედ სტრატეგიული გამოწვევები, რაც არსებობს ამერიკისთვის ამ რეგიონში და საქართველოში, რაც მოითხოვს ამერიკისგან დიდ ყურადღებას". - თქვა ზურაბიშვილმა.





