ავიაკომპანია Georgian Airways გიორგი ბაჩიაშვილის მიერ, 29 მაისის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა 29 მაისის სასამართლო პროცესზე მისი დაკავების შესახებ ისაუბრა - ბაჩიაშვილის თქმით, ის 24 მაისს, საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს, შემდეგ კი, მისივე განცხადებით, ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში ჩამოიყვანეს.
როგორც Georgian Airways განცხადებაში აღნიშნავს, "შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის, ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე არაკანონიერი გზით მოხვედრა ან გამგზავრება".
ავიაკომპანია ბაჩიაშვილის განცხადებას "უსაფუძვლო და აზრს მოკლებულ ბრალდებას უწოდებს".
"ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს.
აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.
გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია". - წერია განცხადებაში.





