წულუკიანის კომისია

"ასე გეშინიათ წულუკიანის?" - ვაშაძის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

დღეს, 27 მაისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. 

პროცესზე  დაცვის მხარემ კომისიის წევრების მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატმა ხუჯაძის აცილების შუამდგომლობაც დააყენა, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა. 

"ასე გეშინიათ წულუკიანის? ისე მეორე კითხვაც მაქვს: თქვენ უფრო გეშინიათ წულუკიანის, თუ წულუკიანს უფრო ეშინია ამ სასამართლოზე მოსვლის" - მიმართა ვაშაძემ მოსამართლეს.

ცნობისთვის, 22 მაისს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს, გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. 

14 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ ოქრუაშვილის მიმართ, გირაოს გადაუხდელობისთვის, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალა, ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას საქმეები.

კომენტარები