ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაო ნინის თქმით, უკრაინის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთის სამხედრო ქარხნებს ამარაგებს, პოლიტიკური მანიპულაციაა.
უწყების პრესსპიკერის თქმით, პეკინი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ემხრობა.
"ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ნათელი იყო. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული ომის შეჩერებასა და ცეცხლის შეწყვეტაში, მშვიდობისკენ სწრაფვასა და მოლაპარაკებების ხელშეწყობაში. ჩინეთს არასდროს მიუწოდებია ლეტალური იარაღი უკრაინაში კონფლიქტის არცერთი მხარისთვის და მკაცრად აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების სამხედრო და სამოქალაქო ნივთებს. უკრაინულმა მხარემ ეს ძალიან კარგად იცის და ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება უსაფუძვლო ბრალდებებსა და პოლიტიკურ მანიპულაციებს". - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
მანამდე, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ოლეგ ივაშჩენკომ თქვა, რომ ჩინეთი რუსულ სამხედრო მრეწველობის ობიექტებს სპეციალურ ქიმიურ ნივთიერებებს, დენთსა და სხვადასხვა კომპონენტებს აწვდის.
მისი თქმით, უკრაინას დადასტურებული ინფორმაცია აქვს რუსეთის 20 ქარხნის შესახებ.
მანამდე, 17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით ამარაგებს.
"დღეს ჩვენ გვაქვს ზოგადი ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან, დენთისა და არტილერიის შესახებ სადაზვერვო მონაცემებიდან". - თქვა ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე.
"ვფიქრობ, შემდეგ კვირაში დეტალურად შეგვეძლება ავხსნათ, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ ჩინეთის წარმომადგენლები რუსეთის ტერიტორიაზე ზოგიერთი ტიპის იარაღის წარმოებაში იღებენ მონაწილეობას". - დაამატა ზელენსკიმ.
მანამდე, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ჩინეთი 20 რუსულ სამხედრო ქარხანას დაზგებს, დენთსა და მნიშვნელოვან პროდუქტებს აწვდის.





