FT: ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტიდან ათობით პირი გაათავისუფლა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

Financial Times-ის წყაროების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის (NSC) შემადგენლობა. მან ათობით თანამდებობის პირი გაათავისუფლა და ბევრი მივლენილი თანამშრომელი თავის საწყის უწყებებში დააბრუნა.

რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, რომელიც ამ დროისთვის დროებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩაიბარა, მხოლოდ თანამშრომლების მცირე ნაწილი შემორჩა - ძირითადად უფროსი დირექტორები, მაშინ როცა ათობით პოზიცია მთლიანად გაუქმდა.

FT წერს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირებს ამის შესახებ 23 მაისს შეატყობინეს. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება რამდენიმე კვირის განმავლობაში გავრცელებულ ვარაუდებს, რომ NSC-ში ფართო მასშტაბის ცვლილებები იგეგმებოდა.

ამ ნაბიჯამდე სამ კვირით ადრე ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მაიკ უილცი, რომელიც NSC-ის ხელმძღვანელი იყო, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, გაათავისუფლეს თუ არა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე, ალექს ვონგი თანამდებობიდან.

გემოცემა იუწყება, რომ ლაურა ლუმერი, ტრამპის მხარდამჭერი აქტივისტი და ულტრამემარჯვენე შეთქმულების თეორიების მიმდევარი, რომელმაც ტრამპი უოლცის გათავისუფლებაში დაარწმუნა, ამავეს გაკეთებას ვონგთან მიმართებაშიც ცდილობთა. ვონგი ჩინეთზე შედარებით მტკიცე პოზიციებითა და პროფესიონალიზმითაა ცნობილი.

FT სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ივან კანაპათი, აზიის მიმართულების უფროსი დირექტორი, თანამდებობაზე დარჩა, თუმცა მისი სრული გუნდი, მათ შორის ჩინეთის ჯგუფი, დაითხოვეს. ლუმერი ასევე მოითხოვდა კანაპათის გათავისუფლებას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რობერტ ო’ბრაიენმა, რომელიც ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მსახურობდა, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა საავტორო სტატია, სადაც NSC-ის დაახლოებით 60 თანამშრომლამდე შემცირებას ითხოვდა. ეს საბჭო ტრადიციულად კოორდინაციის ორგანოდ ითვლებოდა, თუმცა ზოგჯერ ის თეთრი სახლის ძალაუფლების ცენტრალიზებისთვის გამოიყენებოდა. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს NSC-ში 200-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა.

"ამის მიუხედავად, არსებობს საფრთხე, რომ ძალიან შემცირებულ NSC-ს აღარ ექნება საკმარისი აღმასრულებელი ძალა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ‘დალაგება’ შეძლოს" - ნათქვამია სტატიაში.

დონალდ ტრამპის ზოგიერთი მხარდამჭერი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი პრეზიდენტს დაეხმარება იმით, რომ შეამცირებს სხვა უწყებებიდან მივლენილი იმ თანამშრომლების რიცხვს, რომლებიც შესაძლოა არ ეთანხმებოდნენ "გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული" პოლიტიკას.

FT-ს თეთრ სახლთან დაახლოებულმა ერთმა პირმა უთხრა, რომ ტრამპმა თავის პირველ ადმინისტრაციაში გაკვეთილი მიიღო, როცა მიხვდა, რომ ბევრი NSC-ის წევრი ჩუმად ბლოკავდა მის დღის წესრიგს. "ამჯერად ის იმავე შეცდომას არ დაუშვებდა" - აღნიშნა წყარომ.

ასევე გამოცემას წყაროები უყვებიან , რომ ტრამპმა NSC-ის ის განყოფილებაც დაშალა, რომელიც ტექნოლოგიების და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას კურირებდა. პრეზიდენტმა უკვე გაათავისუფლა ამ ოფისის ხელმძღვანელი, დევიდ ფეითი - აღნიშნული დეპარტამენტი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეიქმნა.

ეს სტრუქტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ექსპორტის კონტროლის შემუშავებაში, რომლებიც მიზნად ისახავდა ჩინეთისთვის ამერიკული მოწინავე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვნად შეზღუდვას.

Financial Times აღნიშნავს, რომ NSC-მა ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა NSC-ის სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა განაცხადა, რომ ის რჩება თანამდებობაზე და "ადმინისტრაციაში მუშაობას გააგრძელებს". თეთრი სახლის პრესმდივანმა კომენტარის თხოვნაზე არ უპასუხა.

კომენტარები