21 მაისის ღამეს აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, 30 წლის ელიას როდრიგესმა ჩიკაგოდან, ისრაელის საელჩოს ორ თანამშრომელს ესროლა და მოკლა.
თავდამსხმელმა ახალგაზრდა წყვილი – სარა მილგრიმი და იარონ ლიშინსკი მაშინ მოკლა, როდესაც ისინი მუზეუმიდან გამოდიოდნენ.
მედიაში მილგრიმსა და ლიჩინსკის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც The New York Times წერს, ტრაგედიამდე 26 წლის სარა მილგრიმის მშობლებმა არ იცოდნენ, რომ 30 წლის იარონ ლიშინსკი მისთვის ხელის თხოვნას გეგმავდა. მილგრიმის მშობლები მხოლოდ ვარაუდობდნენ, რომ წყვილი ქორწინებას გეგმავდა.
მილგრიმმა, რომელიც კანზასის შტატში გაიზარდა, ლიშინსკი მაშინ გაიცნო, როცა, წლინახევრის წინ, აშშ-ში ისრაელის საელჩოში, კერძოდ, საჯარო დიპლომატიის დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა. მას საელჩოს მისიებისა და დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება ევალებოდა. ლიშინსკი ამავე საელჩოში 2022 წლიდან მკვლევრად მუშაობდა.
"ის შესანიშნავი იყო. ძალიან ჰგავდა სარას: ენთუზიაზმით სავსე, უკიდურესად ინტელექტუალი, ერთგული თავისი საქმის, ყოველთვის სწორ მხარეს იდგა". - თქვა მილგრამის მამამ ლიშინსკიზე.
რამდენიმე თვის წინ მილგრიმმა მშობლებს უთხრა, რომ ლიშინსკისთან ერთად მის ოჯახთან პირველად შესახვედრად იერუსალიმში წასვლას გეგმავდა. რაც მშობლებმა არ იცოდნენ და მხოლოდ მკვლელობის შემდეგ გაიგეს, იყო ის, რომ ლიშინსკიმ მგზავრობამდე ნიშნობის ბეჭედი იყიდა.
21 მაისის ღამით, სარა მილგრიმი და იარონ ლიშინსკი ვაშინგტონში, Lillian & Albert Small Capital Jewish Museum-ში ამერიკულ-ებრაული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ, ახალგაზრდა დიპლომატებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ. მილგრიმი ამავე კომიტეტის სტიპენდიანტი იყო.
თავდამსხმელმა ლიშინსკისა და მილგრიმს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი მუზეუმს ტოვებდნენ. ცეცხლის გახსნის შემდეგ ელიას როდრიგესი, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს, მუზეუმში შევიდა, იგი დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს.
როდრიგესი თავდასხმამდე მუზეუმის გარეთ გადაადგილდებოდა. მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ყვირის ეჭვმიტანილი დაკავების დროს "თავისუფლება პალესტინას".
მილგრიმის მამის თქმით, მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტის გამო ისრაელმა ღაზაში ომი დაიწყო, მსოფლიოს მასშტაბით ანტისემიტური სენტიმენტი გაძლიერდა.
"ვგრძნობ ანტისემიტიზმს, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ და ასევე პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ გაჩნდა. ეს უბრალოდ ჩემი ყველაზე საშინელი შიშების გაგრძელებაა". - თქვა მილგრიმის მამამ.
ის ადამიანი, რომელმაც მშობლებს უთხრა ლიშინკის გეგმის შესახებ, იერუსალიმში ხელი ეთხოვა მილგრიმისთვის, აშშ-ში ისრაელის ელჩი, იხიელ ლაიტერი იყო. 21 მაისის საღამოს სწორედ მან შეატყობინა მილგრიმის მშობლებს წყვილის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ.
"ირონიული ის არის, რომ ჩვენ ვღელავდით ჩვენი ქალიშვილის უსაფრთხოებაზე ისრაელში, მაგრამ ის გამგზავრებამდე სამი დღით ადრე მოკლეს." - თქვა მილგრიმის მამამ.





