გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 20 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბრალი დასდო უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კუთხით ინტერესის არ ქონაში და თქვა, რომ პუტინი მხოლოდ დროის მოგებას ცდილობს აშშ-სთან მოლაპარაკებებში.
პისტორიუსის თქმით, ევროპის მხრიდან საჭიროა, დამატებით სანქციების მეშვეობით რუსეთზე წნეხი გაიზარდოს, განსაკუთრებით, მისი ენერგო ექსპორტის წინააღმდეგ სანქციებით.
"ჩვენ ვიხილეთ მასობრივი [რუსული] იერიშები ბოლო დღეებში... ეს უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე ცარიელი სიტყვები, რასაც აქამდე ვისმენთ." - თქვა პისტორიუსმა ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
"პუტინი აშკარად დროის მოგებას ცდილობს. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ პუტინს არ აინტერესებს მშვიდობა". - დაამატა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო ზარის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება, თუმცა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ევროპელ ლიდერებს პუტინთან საუბრის დეტალები გააცნო, ევროპაში შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მეშვეობით წნეხის გაზრდის დროა.
20 მაისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტისა, ნავთობის ინდუსტრიისა და სამხედრო-სამრეწველო ძალისხმევის დასუსტებას ისახავს მიზნად. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა გაერთიანებულმა სამეფომაც.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო
-
UK-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომლის სამიზნეც სამხედრო და ფინანსური სექტორებია
სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში EU-მ სანქციები მსხვილი რუსული ნავთობკომპანიის, Surgutneftgaz-ის წინააღმდეგ შემოიღო.
ამასთან, მე-17 პაკეტი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დღემდე ყველაზე მასშტაბურ სანქციებს ითვალისწინებს. EU სანქცირებულ რუსული ხომალდების სიას 189 გემს ამატებს, რის შედეგადაც სანქცირებული გემების რაოდენობამ ჯამში 342-ს მიაღწია.
გარდა ამისა, 16 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მზადება უკვე დაიწყო. მისივე თქმით, იგეგმება, რომ ახალი პაკეტით გათვალისწინებული იქნება გაზსადენების, Nord Stream-თან და Nord Stream 2-თან დაკავშირებით შეზღუდვები, ნავთობის ფასის დაწევა, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული ხომალდების სიის გაზრდა და ასევე რუსეთის ფინანსური სექტორის სანქცირება.