საგარეო ვაჭრობა

თურქეთი, აშშ, რუსეთი – საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში

earth.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 7 755.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით მეტია. 

აქედან ექსპორტი 2 014.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს [გაიზარდა 14.2%-ით], ხოლო იმპორტი 5 741.3 მილიონ აშშ დოლარს [გაიზარდა 15.7%-ით].

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-აპრილში, 3 726.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (914.3 მილიონი. აშშ დოლარი), აშშ (902 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (859.1 მილიონი აშშ დოლარი).

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:

  • ტრიკოტაჟის ნაწარმი;
  • ფეროშენადნობები;
  • ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის;
  • სპილენძის ნარჩენები და ჯართი;
  • ალუმინის ნარჩენები და ჯართი.

თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
  • შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე;
  • შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები.

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:

  • შავი ლითონების უნაკერო მილები, მილაკები და ღრუ პროფილები;
  • საფრენი აპარატების ნაწილები;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები;
  • ფეროშენადნობები.

აშშ-დან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:

  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
  • სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული;
  • ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან;
  • ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა;
  • თხილი და სხვა კაკალი.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:

  • სპირტიანი სასმელები;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები;
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე;
  • კარტოფილი;
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე;
  • ხორბალი და მესლინი;
  • მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებელია ტემპერატურის ცვლილება.

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-აპრილში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (450.0 მილიონი აშშ დოლარი), ყაზახეთი (258.4 მილიონი აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (215.1 მილიონი აშშ დოლარი).

 

2025 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 68.7% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - 13%, დანარჩენი ქვეყნების კი - 18.3%.

2025 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 753.9 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 96.3 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.8%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 76.5 მილიონი აშშ დოლარით (3.8%).

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარ-აპრილში 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 72.7% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (881.2 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთი (814.2 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (669.6 მილიონი აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-აპრილში იმპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი 23.9% იყო, დსთ-სი - 19.5%, დანარჩენი ქვეყნების კი - 56.6%.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-აპრილში, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 966.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.8% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.1 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 8.4%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 396.5 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 6.9%).

 

კომენტარები