ბალტიის ზღვა

ესტონეთის ცნობით, რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტანკერი დააკავა

ხომალდი Green Admire
Bloomberg

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, რუსეთმა 18 მაისს საბერძნეთის საკუთრებაში არსებული ნავთობტანკერი დააკავა მას შემდეგ, რაც ხომალდმა ესტონეთის პორტი დატოვა. ესტონეთის თქმით, ინციდენტის შესახებ NATO-ს მოკავშირეებსაც შეატყობინეს.

სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი Green Admire სილამიაეს პორტს წინასწარ განსაზღვრული სანავიგაციო მარშრუტით ტოვებდა, რომელიც რუსეთის ტერიტორიულ წყლებს კვეთდა.

"დღევანდელი ინციდენტი აჩვენებს, რომ რუსეთი განაგრძობს არაპროგნოზირებად ყოფა-ქცევას." - თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნა: "მე მომხდარის შესახებ ჩვენს მოკავშირეებსაც ვაცნობე."

ამას გარდა, გასულ კვირას, ესტონეთის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ 13 მაისის საღამოს რუსეთის გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. არსებული ინფორმაციით, Sukhoi Su-35-ის ტიპის გამანადგურებელმა ესტონეთის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთი გაატარა. 

გამოცემა Reuters-ი Marine Traffic-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ Green Admire-მა პორტი შაბათს, გრინვიჩის დროით 18:40 საათზე, დატოვა და კვირას შუადღეს ერთ-ერთ მომენტში რუსეთის გოგლანდის კუნძულის სიახლოვეს ჰქონდა ღუზა ჩაშვებული.

საბერძნეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ხომალდი რუსულ წყლებში მანევრირებდა, რათა მარჩხობები თავიდან აერიდებინა, თუმცა რუსეთმა გემი დააკავა და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა დასაჯარიმებლად.

ამასთანავე, ესტონეთის ტრანსპორტირების ადმინისტრაციაში განაცხადეს, გემს ესტონური ფიქლის ნავთობი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამისკენ მიჰქონდა.

კომენტარები