აშშ-საფრანგეთი

მაკრონის თქმით, დარწმუნებულია, რომ ტრამპს პუტინის "ცინიზმზე" რეაქცია ექნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
NewYorker.com

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, დარწმუნებულია, რომ პუტინის "ცინიზმზე" აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რეაქცია ექნება. მანვე აღნიშნა, რომ ტრამპი აშშ-ს სანდოობაზე ზრუნავს.

მაკრონის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის სამხედრო ძალებმა სუმის ოლქში მდებარე ქალაქ ბელოპოლიეში დრონით საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 დაშავდა

ამის შესახებ მაკრონმა ალბანეთში, ტირანაში დღეს, 17 მაისს გამართული პრესკონფერენციის დროს ილაპარაკა.

"დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ პუტინის ცინიზმის პასუხად პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც აშშ-ს სანდოობაზე ზრუნავს, რეაქცია ექნება. [...] პრეზიდენტი ამერიკელმა ხალხმა აირჩია. მას სანაქებო ამბიცია აქვს: დაამყაროს მშვიდობა. მან თქვა, რომ მშვიდობის დამყარებაში ყველას ჩართავდა". -  თქვა მაკრონმა. 

მაკრონმა აღნიშნა, რომ პუტინმა პატივი არ სცა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებები, რომლებიც აშშ-ს ინიციატივა იყო.

"ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებებს, რომლებიც, შეგახსენებთ, ამერიკული ინიციატივაა, პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა არმიებმა პატივი არ სცეს". - თქვა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე ახსენა, რომ 10 მაისს მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ უკრაინის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.

"მსურველთა კოალიცია ერთად დავსვით, შემდეგ ერთად დავურეკეთ პრეზიდენტ ტრამპს და ვუთხარით: "ნახე, ჩვენ ყველანი ამ ცეცხლის შეწყვეტას მხარს ვუჭერთ, ყველანი ხელახლა ვიკისრებთ ვალდებულებას მსურველთა კოალიციის ქვეშ უსაფრთხოების გარანტიებით". - თქვა მაკრონმა ტირანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტამბოლში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 16 მაისს გაიმართა. შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

კიევი და მოსკოვი სტამბოლში დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე 1000-1000 ომის პატიმრის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

Axios-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა.

"რუსული მოთხოვნები რეალობას არის მოწყვეტილი და გაცილებით სცდება იმ საკითხებს, რაც აქამდე განხილულა". - უთხრა Axios-ს უკრაინელმა წყარომ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ელაპარაკა და უკრაინა მზად არის, მშვიდობისთვის უსწრაფესი ნაბიჯები გადადგას.

გარდა ამისა, პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ რუსეთმა სტამბოლში მოლაპარაკებები დე ფაქტო შეწყვიტა, მოგვიანებით კი აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ევროპელი ლიდერების საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ  სტამბოლის მოლაპარაკებებზე რუსეთმა "კეთილი ნება არ წარმოაჩინა". მისივე თქმით, რუსეთის პირობები მიუღებელია "არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის". 

მსგავსი განცხადება გააკეთა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმაც. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია.

შეხვედრის შემდეგ  ტრამპმა Fox-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაღლილია ომით, რომელიც უკვე სამი წელია გრძელდება და ამ ვითარებაში ის კარგად არ გამოიყურება.

შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და უმაღლეს დონეზე პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადაა. 

11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.

მოგვიანებით, კრემლმა დაბალი რანგის წარმომადგენლებისგან შემდგარი რუსეთის დელეგაცია დაამტკიცა, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი შედიოდნენ, ხოლო დელეგაციის ხელმძღვანელობა პუტინის თანაშემწეს, ვლადიმირ მედინსკის დაევალა. პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ასევე დაადასტურა, რომ პუტინი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ჩასვლას არ აპირებდა, რის გამოც რუსულ დელეგაციასთან შეხვედრაზე არ დასწრების გადაწყვეტილება ზელენსკიმაც მიიღო.

პარალელურად, დასავლელმა ლიდერებმა პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის "დაბალი რანგის" დელეგაციის გაგზავნისთვის გააკრიტიკეს, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ რუსული მხარის მიერ თურქეთში გამოგზავნილი დელეგაცია "ნამდვილად არ წარმოადგენს ისეთს, რომელიც მნიშვნელოვან პროგრესამდე მიგვიყვანს".

ამასთანავე, ანკარაში ჩასვლის შემდეგუკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის დელეგაციას "ბუტაფორიული" უწოდა. "შევხედავთ რუსების დონეს, ჯერჯერობით ეს ოფიციალურად უცნობია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით, ეს ბუტაფორიულ დონეს ჰგავს." - თქვა მან.

ზელენსკის განცხადებას მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. მარია ზახაროვამ უკრაინის ლიდერს "კლოუნი" და "ხელმოცარული" უწოდა, ხოლო სერგეი ლავროვის თქმით, პუტინის სტამბოლში ჩასვლის მოთხოვნის გამო, ზელენსკი "საცოდავი ადამიანია."

ყოველივე ამის შემდეგ სტამბოლში 15 მაისს დაგეგმილი შეხვედრა დღეისთვის გადაიდო. ზელენსკიმ კი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სტამბოლში უკრაინული დელეგაციის გაგზავნის გადაწყვეტილება "ტრამპისა და ერდოღანის მიმართ პატივისცემიდან" გამომდინარე მიიღო.

ამას გარდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ თურქეთში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს პირადად არ დაესწრება, თუმცა ამერიკული მხარის "გუნდიდან შესაბამის დონეზე" წარმომადგენელს გაგზავნის.

რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ 16 მაისს რუსეთ-უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე "დიდ იმედებს არ ამყარებდა" და დაამატა, რომ მხოლოდ ტრამპისა და პუტინის პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად იქნება შესაძლებელი, საბოლოოდ გაირკვეს, თუ "რა სურს რუსულ მხარეს".

ამ განცხადებით რუბიომ გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მანამდე რეპორტიორებთან გაკეთებული კომენტარი, როდესაც მან თქვა, რომ ვლადიმირ პუტინთან მის შეხვედრამდე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში "არაფერი არ მოხდება."

კომენტარები