თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც აქციების დროს დაკავებული ნიკა კაციას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ხმაური იყო.
დაპირისპირების გამო, სხდომაზე შესვენება 2-ჯერ გამოცხადდა. თავდაპირველად ხმაური მოჰყვა ინციდენტს, როდესაც TV პირველის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას სხდომათა დარბაზში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. აღნიშნული კაციას ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა გააპროტესტეს.
ამის შემდეგ მანდატურის სამსახური კაციას ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა. ხმაური გაგრძელდა სასამართლოს ეზოშიც. მანდატურის სამსახური კაციას ახლობლებს სხდომათა დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობას აღარ აძლევდა.
"დედაჩემს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რაზეც ვუთხარი - ენას კბილი დააჭირე-მეთქი, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ზრდილობა არ მოეკითხებათ. ჩემი ეს რეპლიკა და მათი ძალადობა იყო ერთი - 5 ადამიანი ძალის გამოყენებით მომათრევდა, მირტყამდნენ ხელს, მიმაჯახეს სასამართლოს ბანერს, კარს, გადამაგდეს კიბეებიდან". - განაცხადა ნიკა კაციას ძმამ, ლაშა კაციამ.
გარდა ამისა, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ დაწერა საქალაქო სასამართლოში არ უშვებდნენ.
"სასამართლოს შენობაში აღარ მიშვებენ, მანდატური დაწყევლეო". - დაწერა ჯაფარიძემ.
საქალაქო სასამართლოში ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნიკა კაციასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სავალდებულო წესით უნდა გადასინჯოს.ყოველ 2 თვეში სასამართლო ვალდებულია შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელოს.
ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა კაციას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილს ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.