საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ 14 მაისს განაცხადა, რომ ევროკავშირმა ყურადღება უნდა დაუთმოს ახალი სანქციების პაკეტს, რათა "გაგუდოს" რუსეთის ეკონომიკა და ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდეს, უკრაინაში ომი დაასრულოს.
ევროკავშირის მიერ სანქციების მე-17 პაკეტის მიღების შემდეგ, ბარომ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ აქამდე დაწესებული სანქციების ზემოქმედება საკმარისი არ ყოფილა. მისი თქმით, საჭიროა ევროკავშირის მხრიდან აშშ-სთან თანამშრომლობა, სადაც კონგრესს რუსეთისთვის დამანგრეველი სანქციები აქვს მზად იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთზე წნეხის გაზრდას გადაწყვეტს.
"ჩვენ დღეს მე-17 სანქციების [პაკეტს] ვიღებთ. უფრო მეტის გაკეთება დაგვჭირდება, რადგან აქამდე სანქციებმა ვერ დაარწმუნა ვლადიმირ პუტინი, რომ არ გააგრძელოს თავისი აგრესიის ომი." - განუცხადა ბარომ BFM TV-ს.
"ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რათა გავაფართოოთ დამანგრეველი სანქციები, რომელსაც შეუძლია, ერთხელ და საბოლოოდ გაგუდოს რუსეთს ეკონომიკა". - დაამატა მან.
ცნობისთვის, 14 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე ევროკავშირის ელჩებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
Kyiv Independent ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი სანქციები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 ხომალდს, სანქციების გვერდის ავლაში ჩართულ 30 კომპანიასა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 75 პირსა და სუბიექტს შეეხება.





