წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

კანონი იმპერატიულად გირაოს შეცვლას არ ითვალისწინებს – ოქრუაშვილის ადვოკატი პატიმრობაზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, კანონი, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, იმპერატიულად პატიმრობის შეფარდებას არ ითვალისწინებს. 

"ოქრუაშვილს გირაო ჰქონდა შეფარდებული, არ გადაიხადა ეს გირაო, მაგრამ კანონი იმპერატიულად არ ითხოვს, თუკი ადამიანი არ იმალება, არაფერს აშავებს, მაინცდამაინც პატიმრობით შეცვლილიყო გირაო. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება უკანონოა" - თქვა ჭაბაშვილმა. 

ოქრუაშვილს, წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის პატიმრობა შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ცნობისთვის, 8 აპრილს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საზღვრის კვეთა აუკრძალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.

ივანიშვილის პარლამენტის "საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 7 აპრილს წარუდგინეს. გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს.

კომენტარები