რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა.
"მხარეებმა დეტალურად განიხილეს რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ, რომლის გამართვაც სტამბოლში 15 მაისიდან არის შემოთავაზებული". - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა პუტინის წინადადებას, მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის თაობაზე, სრულად დაუჭირა მხარი.
განცხადების თანახმად, ერდოღანი პუტინს მოლაპარაკებების სტამბოლში გამართვასა და ორგანიზებაში დახმარებას დაჰპირდა.
"რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სრულად დაუჭირა მხარი ამ რუსეთის წინადადებას გამოხატა მზადყოფნა, რათა სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის პლატფორმა უზრუნველყოს. თურქული მხარე უზრუნველყოფს ყველა შესაძლო დახმარებას მოლაპარაკებების ორგანიზებაში, რომელიც მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენაა მიამრთული". - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორისო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს.
"პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის შეწყვეტის ისტორიული გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული და თურქეთი მზად არის შეიტანოს ნებისმიერი წვლილი, მათ შორის, მოლაპარაკებების ორგანიზების მხრივ, რათა მიღწეულ იქნეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მყარი მშვიდობა". - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.





