საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირს შემუშავებული აქვს სტრატეგია იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე უნგრეთის დათანხმება ვერ მოხერხდება.
ამის შესახებ მან ლვოვში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში არსებობს მტკიცე რწმენა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივმა საკითხებმა უკრაინის EU-ში გაწევრიანების პროცესი არ უნდა შეაფერხოს და ევროპული სტრუქტურები ემზადებიან შესაძლო დაბრკოლებებისთვის.
"ჩვენ გვაქვს გეგმა B და გეგმა C, მაგრამ ჩვენი მთავარი ფოკუსი არის გეგმა A - მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველას მხარდაჭერა მივიღოთ" - თქვა კალასმა
კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით უნგრეთის მთავრობასთან დიალოგს აწარმოებს, თუმცა თუ კომპრომისი ვერ მიიღწევა, ევროკავშირი მზად არის იმოქმედოს.
"უკრაინას აქვს თავისი საშინაო დავალება და ევროკავშირსაც თავის მხრივ აქვს სამუშაო. ჩვენ ვმუშაობთ უნგრეთის მთავრობასთან. მაგრამ, თუ ეს არ იმუშავებს - ჩვენ უკვე ვამზადებთ გეგმა B-ს, თუმცა ახლა მის დეტალებს არ გავამჟღავნებ. ჯერ [შემუშავების] პროცესში ვართ" - თქვა კალასმა





