დონალდ ტრამპი

ტრამპმა ალკატრასის ციხის ხელახლა გახსნის ბრძანება გასცა

Evan Vucci/AP

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ცნობილი ყოფილი ციხის, ალკატრასის ხელახალი გახსნისა და გაფართოების ბრძანება გასცა.

ციხე სან-ფრანცისკოსთან ახლოს, ძნელად მისადგომ კუნძულზე მდებარეობს და 60 წელზე მეტია დახურულია.

"ამერიკა სასტიკი და მოძალადე კრიმინალებისგან ზედმეტად დიდხანს იტანჯებოდა - საზოგადოების ნარჩენებისგან, რომლებიც ტკივილისა და ტანჯვის გარდა, ვერასდროს არაფერს შემატებენ ქვეყანას. წარსულში, როდესაც უფრო სერიოზული ერი ვიყავით, ყველაზე სახიფათო დამნაშავეთა იზოლაციის არ გვეშინოდა - სწორედ ასე უნდა იყოს" - დაწერა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ ალკატრასის ხელახალი გახსნა და საგრძნობლად გაფართოებული და აღდგენილი ციხის აშენება აშშ-ს ციხეების ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტს, FBI-სა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს დაავალა.

ალკატრასი 1963 წელს ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობისა და მაღალი ხარჯების გამო დაიხურა - საკვები, საწვავი და სხვა რესურსების კუნძულზე მიწოდება მხოლოდ ნავით იყო შესაძლებელი.

AP News წერს, რომ ციხის თანამედროვე სტანდარტებზე აყვანა უზარმაზარ ინვესტიციებს მოითხოვს.

ციხე 1934 წელს გაიხსნა და აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრ სასჯელაღსრულების დაწესებულებად იქცა. ალკატრასის ციხიდან გაქცევა შეუძლებლად იყო მიჩნეული, რადგან კუნძულის გარშემო წყნარი ოკეანის ძლიერი ნაკადები და განსაკუთრებით ცივი წყალი იყო. ალკატრასის ციხეში მრავალი ცნობილი დამნაშავე იჯდა, მათ შორის ალ კაპონე.

ციხის შესახებ რამდენიმე ცნობილი ფილმია გადაღებული, მათ შორის "გაქცევა ალკატრასიდან", რომელიც ნამდვილ მოვლენებზეა დაფუძნებული და რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს კლინტ ისტვუდი თამაშობს.

ახლა ალკატრასის ციხე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

კომენტარები