მოსკოვის პოლიცია 9 მაისის მოლოდინში დრონებისა და პიროტექნიკის გამოყენებაზე მკაცრ კონტროლს აწესებს.
მოსკოვის პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ "გამარჯვების დღის" წინა პერიოდში ქალაქში ნებისმიერი სახის პიროტექნიკისა და უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება აკრძალულია და მსგავს ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
"მასშტაბური საზეიმო ღონისძიებების მზადების პერიოდში, რომლებიც დიდი სამამულო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავს ეძღვნება, პოლიციამ გააძლიერა კონტროლი ყველა სახის უპილოტო საფრენი აპარატის, მათ შორის კოპტერების, დრონების, ავიამოდელებისა და სხვა მოწყობილობების, უკანონო ფრენების აღსაკვეთად," - ამბობენ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
მოსკოვის მთავარ სამმართველოში ამბობენ, რომ დედაქალაქი წარმოადგენს არასაფრენ ზონას ყველა სახის საფრენი აპარატისთვის. ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, მათი გამოყენება მკაცრად აკრძალულია:
"ნებისმიერი სახის უპილოტო აპარატის უნებართვო გაშვება იწვევს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას," - უთხრეს პრესას უწყებაში.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსკოვის პოლიციას უფლება აქვს, "უსაფრთხოების მიზნით" უკანონოდ გაფრენილი უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდოს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ასევე "მოუწოდა" მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან, "პროვოკაციების გახშირებული შემთხვევების ფონზე". მოსკოვის პოლიციის განმარტებით, "პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევა ითვლება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევად" და იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.





