ავსტრალია

ავსტრალიის საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

3 მაისს გამართულ ავსტრალიის საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი ენტონი ალბანესი თანამდებობას შეინარჩუნებს.

ხმების ოფიციალური დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება და სავარაუდოდ საბოლოო შედეგების გამოცხადებას რამდენიმე დასჭირდება, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ლეიბორისტულ პარტიას უმრავლესობა გაეზრდება.

"დღეს ავსტრალიელმა ხალხმა ავსტრალიური ღირებულებების სასარგებლოდ მისცა ხმა, სამართლიანობას, სწრაფვას და შესაძლებლობებს ყველასთვის". - განაცხადა ალბანესმა.

ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციის (ABC) პროგნოზით, ლეიბორისტები სავარაუდოდ 86 მანდატს, ლიბერალ-ნაციონალური კოალიცია დაახლოებით 40-ს, ხოლო მწვანეთა პარტია ერთ ან ორ მანდატს მიიღებს.

ლიბერალ-ნაციონალური კოალიციის ლიდერმა, პიტერ დატონმა პარტიის მარცხზე სრული პასუხისმგებლობა აიღო და თანაპარტიელებს ბოდიში მოუხადა. 

ცნობისთვის, დატონი ლიბერალ-ნაციონალურ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 

ენტონი ალბანესმა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ 28 მარტს განაცხადა.

ავსტრალიის 2022 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელსაც პრემიერმინისტრი წარმოადგენს, უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, ლეიბორისტებს ლიბერალ-ნაციონალური კოალიცია უწევდა კონკურენციას.

ალბანესმა ბოლო თვეების განმავლობაში ოჯახებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად საგადასახადო შემცირებები გამოაცხადა. 

თებერვალში ავსტრალიის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა საპროცენტო განაკვეთი.

კომენტარები