წულუკიანის კომისია

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა მელიას 50 000 - ლარიანი გირაო შეეფარდა

კადრი ვიდეოდან / ტვ პირველი

ოცნების კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.

ცნობისთვის გუშინ, 28 აპრილს ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალი წარუდგინეს.

ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქმეზე პროკურატურამ აქამდე ნიკა მელიას მიმართ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმის მასალა გამოითხოვა და გააერთიანა.

აქამდე წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის საქმეზე, კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს 23 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.

ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" მიუსვლელობის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. ასევე 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული გივი თარგამაძეს. 20 000-ლარიანი გირაო აქვს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

კომენტარები